არჩევნების ელექტრონული დათვლის სისტემა

გამოქვეყნდა:

ელექტრონული საარჩევნო ბიულეტენიდან ხმებს არა კომისიის წევრები, არამედ სპეციალური სკანერი ითვლის - ამ პრინციპით ხმის მიცემა და ხმების დათვლა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, ამიტომ როდესაც საღამოს 8 საათზე უბნები იხურება, ხმები, ფაქტობრივად, უკვე დათვლილია და მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების შედეგის გაგება, მაქსიმუმ, ნახევარ საათშია შესაძლებელი. 

ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს თავი ავარიდოთ საარჩევნო კომისიის მიერ ხმების თვლას, რომელიც მრავალი საათის განმავლობაში იჭიმება, არჩევნების მეორე დღეს კი ჯერ კიდევ არ არის ხოლმე საბოლოო შედეგები ცნობილი. ამ ხნის განმავლობაში ხდება უამრავი მაქინაცია შედეგების გასაყალბებლად, ბიულეტენების გაბათილება, ჩანაცვლება და ა.შ. 

ხმების ელექტრონული დათვლის სისტემა ასეთ საფრთხეებს ამცირებს, ხელისუფლებას დათვლის პროცესში გაყალბების შესაძლებლობებს უზღუდავს და ნაკლებ კითხვებს აჩენს. 

ამ პრინციპით არჩევნები "ქართულ ოცნებას" უკვე აქვს რამდენიმე უბანზე დატესტილი და შედეგი 100%-იანი სიზუსტით დაჯდა - მაშინ რატომ არ ტარდება არჩევნები ელექტრონული დათვლის სისტემით მთელ ქვეყანაში? რატომ არ შეიძლება ეს სისტემა გამოვიყენოთ წლევანდელ არჩევნებშიც? იქნებ სწორედ იმიტომ, რომ ის, თითქმის, 100%-იანი სიზუსტით გვეუბნება სიმართლეს, თუ ვის მისცა ხმა მოსახლეობამ.

ელექტრონულ საარჩევნო ყუთს სპეციალური ბიულეტენები აქვს, რომელსაც ოპტიკურად, სკანერით კითხულობს, ითვლის და შედეგები არჩევნების დამთავრებიდან რამდენიმე წუთში ხდება ცნობილი.

ჩვენთან კი ეს ხანგრძლივი პროცესი საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ იწყება და ისედაც გადაღლილი საარჩევნო კომისიის წევრები კიდევ რამდენიმე, ზოგჯერ ექვს-შვიდ საათსაც ხმების დათვლაში ატარებენ. დათვლილი ხმების ტომრები ზოგჯერ ოლქში საათების დაგვიანებით მიდის. საბოლოო სურათი ხშირად მეორე დღის ბოლომდეც არ ხდება ცნობილი.

ხმების დათვლის პროცედურა ასეთია: ყუთის გახსნის შემდეგ კომისიის თავმჯდომარე ბიულეტენს იღებს, შემოხაზულ ნომერს ხმამაღლა კითხულობს და შესაბამისი კანდიდატისთვის მიცემული ხმების დასტაზე დებს. არჩევნებში გამოცდილი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ამ დროს მანიპულირების რამდენიმე საშუალება არსებობს, მაგალითად, ისარგებლო ქაოსით და სხვისი ხმები შენი კანდიდატის დასტაზე მოათავსო. 

უკვე დიდი ხანია ბევრ ქვეყანაში ხმებს ამომრჩევლები ელექტრონულ ყუთებში ყრიან, რომელსაც თავზე სკანერი ადგას და ხმებსაც ავტომატურად ითვლის.  

ასეთი ელექტრონული ყუთებით არჩევნები საქართველოში უკვე ორჯერ ჩატარდა საპილოტე უბნებზე. 2017 წელს ცაიშში და 2019 წელს ტყიბულსა და წყალტუბოში. ხმები საცდელ უბნებზე ტრადიციული მეთოდითაც დაითვალეს. ცაიშში პირველადი საპილოტეს დროს ხმების რაოდენობაში ცდომილებები იყო, ვინაიდან ამომრჩევლებმა ბიულეტენებში კანდიდატების გასწვრივ წრე გაფერადების ნაცვლად ისევ ძველებურად შემოხაზეს, მანქანამ ასეთი ბიულეტენები ბათილად მიიჩნია.

მეორე ცდამ ტყიბულსა და წყალტუბოში საუკეთესო შედეგები აჩვენა. მანქანის მიერ დათვლილი ბიულეტენები ხელით დათვლილს დაემთხვა.

მაგრამ შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლება ხმის ელექტრონული დათვლის გამოყენებას ჯერ ისევ არ აპირებს, არც სრული მასშტაბით და არც ისევ საპილოტე რეჟიმში. 

საპილოტე არჩევნების ჩატარებაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კანადური არასამთავრობო ორგანიზაცია "დელიან პროჯექტი" დაეხმარა. მისი წარმომადგენელი ჯონ ჰოლინსი განმარტავს, რომ ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ელექტრონული ხმის მიცემა საფრთხეს არ წარმოადგენს.

ელექტრონული ხმის დათვლა ვირუსის გავრცელების რისკებს საარჩევნო უბნებზე პირიქით შეამცირებდა, რადგან ამ მოდელს ნაკლები კომისიის წევრი და მთელი ღამე მათი გვერდი-გვერდ დგომა არ სჭირდება,  მაგრამ ჯონ ჰოლინსის თქმით, ელექტრონული ხმის დათვლის პრინციპით სრულმასშტაბიანი არჩევნების ჩატარებას მომზადება სჭირდება. 

მინახავს ქვეყნები ვინც საკანონმდებლო ცვლილებები 3 თვეში გაიარა, ზოგმა 3 წელიწადში. მთავარია, რისკის ქვეშ არ დააყენო არჩევნები იმიტომ, რომ წაგებულები მერე ადმინისტრაციას აბრალებენ და სასამართლოში მიდიან და სასამართლო სისტემაც მზად უნდა იყოს, - ამბობს ჯონ ჰოლინსი.

ცესკოს ყოფილი წევრის, ირაკლი ხორბალაძის თქმით, ხმების ელექტრონულად დათვლაზე გადასვლას გეგმის არსებობის შემთხვევაში ორი წელიც ეყოფოდა. ეს დრო უკვე გავიდა და მეორე საპილოტო არჩევნების შემდეგ აღარაფერი გაკეთებულა.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სხვანაირი ახსნა აქვთ, მათ მტკიცებით, ელექტრონული ხმების დათვლა მმართველ ძალას უბრალოდ არ აწყობს.

გიორგი ვაშაძე ცესკოს სხვა მოდელსაც სთავაზობს - "თუ ელექტრონული ხმის მთვლელი ყუთები არ გვექნება, ტრადიციული მეთოდით დათვლილი ბიულეტენები ჩვეულებრივი სკანერით მაინც დასკანერდეს და საჯაროდ გამოქვეყნდეს".

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ფიქრობს, რომ უმჯობესია ექსპერიმენტები უფრო მცირემასშტაბიან, მაგალითად მერების შუალედურ არჩევნებზე ჩავატაროთ.

არჩევნებამდე დრო ცოტა რჩება, ამიტომ, როგორც ჩანს, წიწილებს შემოდგომაზე ისევ ხელით დავითვლით და ეს ისევ ძალიან დამღლელი და  რთული იქნება.

ავტორები: ლაშა კვესელაძე, გელა ყაველაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი