"ქართული ოცნების" წარმომადგენლები საქართველოს სახალხო დამცველს ისევ აკრიტიკებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ნინო ლომჯარიას საქმიანობას "რადიკალური" უწოდა და აღნიშნა, რომ მას ენმ-სთან ერთად "ხელისუფლების ჩამოშლის მცდელობები" ჰქონდა.
"გადასარევი პოლიტიკური რადიკალური საქმიანობა ჩაატარა, "ნაცმოძრაობის" ძალიან მყარი დასაყრდენი და ძალიან რადიკალური შემტევი იყო საქართველოს წინააღმდეგ ეს ადამიანი. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც უშუალოდ ჩაერთო ქვეყნის გადატრიალების თუ რაღაც ხელისუფლების ჩამოშლის, ოდნავ უტრირებულად... ეს მცდელობები ჰქონდა", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ომბუდსმენის არჩევისას არ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ნინო ლომჯარია "მათიანი" იქნებოდა, თუმცა არც იმას ელოდნენ, რომ "ენმ-ის კამპანიაში ჩაერთვებოდა".
"ჩვენ როდესაც ლომჯარიას ვირჩევდით, არ გვქონდა მოლოდინი, რომ ეს ადამიანი ჩვენიანი იქნებოდა. დემოკრატია ასეთ გადაწყვეტილებებს იცნობს, დემოკრატიული გადაწყვეტა ეს იყო. შეიძლება ბევრ ჩვენგანს არ ეგონა, რომ ის ასე აშკარად ჩაერთვებოდა "ნაცმოძრაობის" კამპანიაში ხელისუფლების ჩამოშლის მიზნით, მაგრამ ნამდვილად ვიცოდით, რომ ჩვენს მიმართ კრიტიკული იქნებოდა, ამისთვის მზად ვიყავით. მე პირადად, არ მეგონა, რომ მიტინგზე დადგებოდა და ტექნიკური მთავრობის შექმნას მოითხოვდა", - თქვა მდინარაძემ.