"შეშფოთების საგანია, რომ არსებობს მოძრაობა ან მცდელობა, რომ შეიქმნას დისტანცია ამერიკასა და ქართველ ხალხს შორის" | კინზინგერი

გამოქვეყნდა:

"შეშფოთების საგანი ისაა, რომ არსებობს მოძრაობა, ან მცდელობა იმისა, რომ შეიქმნას დისტანცია ამერიკასა და ქართველ ხალხს შორის" - ამის შესახებ კონგრესმენი ადამ კინზინგერი "ამერიკის ხმასთან" საუბრობს. ის ეხმაურება ხელისუფლების მხრიდან ელჩ კელი დეგნანზე თავდასხმებს და იმედოვნებს, რომ ამას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე გავლენა არ ექნება. 

...ჩემთვის რთულია მოტივაციის გამოცნობა, მაგრამ ვიტყვი, რის გამო ვიქნებოდი შეშფოთებული. მე არავის ვუყენებ ბრალდებას, მაგრამ ჩემი საფიქრალია ის, რომ თითქოს არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის, რაც სამომავლო საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებს უფრო გააადვილებდა.

ახლა მთავრობას არჩევანი არ აქვს, ისინი სიმპათიებით უნდა იყვნენ განწყობილნი დასავლეთისა და ამერიკის მიმართ, რადგან ესაა ის, რაც ქართველ ხალხს სურს. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი საკუთარ თავს დასავლეთად აღიქვამს და ჩვენც, საქართველოს დასავლეთად აღვიქვამთ. ასე რომ შეშფოთების საგანი ისაა, რომ არსებობს მოძრაობა, ან მცდელობა იმისა, რომ შეიქმნას დისტანცია ამერიკასა და ქართველ ხალხს შორის.

ნება მომეცით, ეს პირადად ვუთხრა ქართველ ხალხს: ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს უკიდურესად მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს - იქნება ეს ეკონომიკური, რეგიონული თუ სხვა მიმართულებით.

ჩვენი ურთიერთობებისადმი არსებობს მტკიცე, ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის კონგრესსა და საპრეზიდენტო ოფისში. ნებისნიერი მცდელობა, რომელიც ჩვენ შორის დისტანციის შექმნას ემსახურება, ჩემი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს არ წაადგება.

[...]

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ჩვენს ურთიერთობებზე გავლენა არ ექნება. ვფიქრობ მომავალი განისაზღვრება იმით, დღეიდან როგორ და სად წავალთ. კიდევ ერთხელ, არავინ ამბობს, რომ საქართველო კრიტიკული არ შეიძლება იყოს ამერიკის ელჩის მიმართ, თუ ეს მიზეზები ლეგიტიმურია.

ჩვენ, როგორც ქვეყნებს, შეიძლება დიდი განსხვავებები გვქონდეს, მაგრამ მაინც მოკავშირეები ვიყოთ. ჩვენ შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ რომელიმე ელჩს, მაგრამ მაინც მოკავშირეები ვიყოთ. მაგრამ არ შეიძლება, რომ ვიტყუებოდეთ იმაზე, რაც ხდება და ვცდილობდეთ, რომ ყალბი სურათი შევქმნათ.

კიდევ ერთხელ, ამერიკა და საქართველო ყველაფერში არ ეთანხმებიან ერთმანეთს, ელჩი დეგნანი კი სუპერგმირია, რომელიც ცდილობს, რომ ძლიერი ურთიერთობები დაამყაროს [საქართველო-ამერიკას შორის]. ვიმედოვნებ, რომ ურთიერთობები არ დაზიანებულა, თუმცა ეს საბოლოოდ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, - ამბობს კინზინგერი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი