
დნეპროპეტროვსკის ოლქი მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა. ოლქის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების სამიზნე ორი რაიონი იყო.
"რუსულმა არმიამ ცეცხლი გახსნა ორი რაიონის მიმართულებით - ნიკოპოლის და კრივორიზკის. სხვადასხვა იარაღიდან ისროდნენ. მტერმა ნიკოპოლს "გრადის" ტიპის სარაკეტო სისტემიდან ორჯერ დაარტყა. ქალაქში 40 რაკეტა ჩამოვარდა. დაზიანდა 10-მდე კერძო სახლი და კომერციული შენობა, გაჩნდა ხანძარი. ადგილობრივ საწარმოში განადგურდა ავტობუსი და რამდენიმე ავტომობილი", - ამბობს რეზნიჩენკო.
მისივე თქმით, თავდასხმების შედეგად მოქალაქეები არ დაშავებულან.
გარდა ამისა, აგრესორებმა X-59 ტიპის რაკეტა გაუშვეს მირივსკის თემის მიმართულებით, ნიკოპოლიდან 40 კილომეტრში, ზაპოროჟიის ადმინისტრაციულ საზღვართან.
"დაინგრა საცხოვრებლები, გაზსადენი მწყობრიდან არის გამოსული. ჯერჯერობით, მსხვერპლი არ არის", - აღნიშნა ვალენტინ რეზნიჩენკომ.
რაც შეეხება კრივორიზკის რაიონს, ოლქის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ოკუპანტები "ურაგანებითა და არტილერიით ურტყამდნენ კარპივისა და ზელენოდოლის დასახლებებს, თუმცა ხალხი უვნებელია".
ასევე იხილეთ: