საია მთავრობას მოუწოდებს, გადახედოს რუსეთის ფედერაციასთან უვიზო რეჟიმის საკითხს

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ხელისუფლებას სწორი და თანმიმდევრული საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს. საია წერს, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სიტუაციის დესტაბილიზაციით, ხოლო საქართველოს მთავრობა არ პასუხობს კითხვებს რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეების შესახებ.

საია აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია საკუთარი მოქალაქეების დაცვის არგუმენტით საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევს, ხელისუფლებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს არსებული საფრთხეები და ეფექტიანად და დროულად იმოქმედოს მათ აღსაკვეთად.

"რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%, სადაც მუდმივად მობილიზებულია საჯარისო დანაყოფები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა საერთაშორისო სამართლის ნორმების და საქართველოს მოქალაქეების უფლებების არაერთგზის დარღვევას, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. რუსეთი დაინტერესებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სიტუაციის დესტაბილიზაციით, ხოლო საქართველოს მთავრობა არ პასუხობს კითხვებს რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეების შესახებ. ხაზგასასმელია, რომ ხელისუფლების კონსტიტუციით დადგენილი ვალდებულებაა მიიღოს ყველანაირი ზომა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია საკუთარი მოქალაქეების დაცვის არგუმენტით საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევს, ხელისუფლებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს არსებული საფრთხეები და ეფექტიანად და დროულად იმოქმედოს მათ აღსაკვეთად. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებად შესაძლოა განხილული იყოს სავიზო რეჟიმის დაწესება რუსეთის ფედერაციასთან და საიმიგრაციო კანონმდებლობის გადახედვა არსებული გამოწვევების შესაბამისად. მით უმეტეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ ვიზის მიღების შემდეგ შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა. ამდენად, ასეთი ზომის შემოღება გამართლებულია საერთაშორისო სამართალში აღიარებული ნაცვალგების პრინციპის შესაბამისადაც.

გარდა ამისა, საზოგადოებაში საქართველო-რუსეთის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე გაჩნდა გარკვეული ღელვა მომდინარე რისკებთან დაკავშირებით. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ ამან არ უნდა გამოიწვიოს ქსენოფობიური განწყობები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების, აგრეთვე საქართველოში უკვე ათეული წლების მანძილზე მცხოვრები ეთნიკურად რუსი მოსახლეობას მიმართ. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებამ როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული სამართლის ნორმების პატივისცემით, ხელი არ უნდა შეუშალოს და საშუალება უნდა მისცეს იმ პირებს, რომლებიც შესაძლოა იდევნებოდნენ რუსეთის ხელისუფლების მიერ, მიიღონ თავშესაფარი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად", - წერია განცხადებაში. 

საია მოუწოდებს:

  • საქართველოს მთავრობას გადახედოს რუსეთის ფედერაციასთან უვიზო რეჟიმის საკითხს; 
  • საქართველოს პარლამენტს გადახედოს საიმიგრაციო კანონმდებლობას და ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ რეგულაციებს;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელი არ შეუშალოს ისეთი პირების შემოსვლას, რომლებიც შესაძლოა იდევნებოდნენ  რუსეთის ხელისუფლების მიერ.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი