წარსულიდან გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ... კრემლის მთავარი მიზანი, საქართველოს გეოპოლიტიკური ნების ოკუპაციაა - ევროპარლამენტარები

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარები რასა იუკნევიჩიენე და ანდრიუს კუბილიუსი, რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

გავრცელებულ განცხადებაში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ დასავლეთმა წარსული შეცდომებიდან გაკვეთილი უნდა გამოიტანოს. გარდა ამისა, ისინი საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ანტიდასავლურ განცხადებებს აკრიტიკებენ.

"14 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით, რუსი სამხედროები საქართველოში შეიჭრნენ. შედეგად, საქართველოს ტერიტორიის 20% დღემდე რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

ეს იყო პუტინის რუსეთის არაპროვოცირებული სამხედრო ომის პირველი შემთხვევა სუვერენული მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ კრემლის ამ აგრესიულ ქცევაზე მკაფიო და ადეკვატური რეაგირება არ მოახდინა. აქედან გამომდინარე, პუტინის რუსეთმა გააგრძელა მისი სამხედრო პოლიტიკა, 2014 წელს უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა. ამ მოვლენებიდან 8 წლის შემდეგ კი მან დაიწყო სრულმასშტაბიანი აგრესიული ომი უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

წარსულიდან გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. დემოკრატიულმა საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო დახმარება და სტიმული საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, შიდაპოლიტიკური განხეთქილების დასაძლევად და დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის მისაღწევად.

რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, თუმცა კრემლის მთავარი მიზანია საქართველოს გეოპოლიტიკური ნების ოკუპაცია, რათა საქართველო აღარ ესწრაფოდეს ევროკავშირში ინტეგრაციას.

ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა და ქართული ოცნების ლიდერების ქმედებებსა და განცხადებებს, რომლებიც აღიქმება, გაცნობიერებულ გადაწყვეტილებად, ზიანი მიაყენოს საქართველოს შესაძლებლობას, მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი უახლოეს მომავალში.

ერთადერთი გზა, საქართველომ თავი დაიცვას კრემლის ახალი ჰიბრიდული და სხვა ტიპის თავდასხმებისგან, არის შეასრულოს ევროსაბჭოსა და ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პირობა უახლოეს მომავალში, დაწყებული დეპოლარიზაციით და დამთავრებული დეოლიგარქიცაზიით.

ოლიგარქიის გავლენა ახალგაზრდა დემოკრატიაზე კარგად ცნობილი მოვლენაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. როცა საქართველოს ხელისუფლება თავის სხვადასხვა განცხადებებში ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, მხოლოდ დამატებით მტკიცებულებას იძლევა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის განსაკუთრებული გავლენის მქონე ოლიგარქი, რადგან საქართველოს პრემიერმინისტრი, ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები და ქართული ოცნების ლიდერები მის დასაცავად გამოდიან.

ევროპარლამენტი ელის მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ლიდერებისგან ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული პირობების შესასრულებლად კონკრეტულ ნაბიჯებს, ქმედებებს და არა მხოლოდ ბავშვურ განცხადებებს, რომლითაც ყველაფერში აშშ-ის ამჟამინდელ ელჩს ან ევროკავშირის ყოფილ წარმომადგენელს ადანაშაულებენ.

მოვუწოდებთ საქართველს ყველა პოლიტიკურ ძალას და სამოქალაქო საზოგადოებას, გააერთიანონ ძალისხმევა 12 პირობის სწრაფად შესასრულებლად. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს კვლავ შეუძლია გახდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის წინამორბედი, თუ ამ მიზნისთვის გაერთიანდებიან.

ჩვენ გვჯერა საქართველოსი და ქართველი ხალხის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი