
ოკუპანტები მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე ციხის საკნებს დგამენ, რათა სამხედრო ტყვეების საჩვენებელი სასამართლო პროცესი მოაწყონ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, მარიუპოლის საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლოს გამართვას ოკუპანტები სექტემბერში გეგმავენ.
"ახლა მარიუპოლის კამერული ფილარმონიის სცენაზე რუსი ოკუპანტები აგროვებენ ციხის საკნებს. დამპყრობლები სექტემბერში უკრაინის დამცველების საჩვენებელი "პროცესის" გამართვას გეგმავენ", - წერია განცხადებაში
გარდა ამისა, მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ აღნიშნა, რომ რუსი ოკუპანტები ისევ აგრძელებენ ყველა საერთაშორისო ნორმის უგულებელყოფას.
”ისინი აგრძელებენ ომის დანაშაულების ჩადენას, რაც მთელი ცივილიზებული სამყაროს უგულებელყოფის დემონსტრირებას ახდენს”, - ამბობს ბოიჩენკო.
ბოიჩენკო გაეროს და წითელ ჯვარს მოუწოდებს, დაიცვან სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის წესები.