პრეზიდენტმა საჯარო მოხელეებს დაანახა, რომ მათ პროფესიონალიზმს დაფასება არ აქვს - პაპუაშვილი კალანდარიშვილის კანდიდატურაზე

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტმა ამით საჯარო მოხელეებს დაანახა, რომ მათ პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას დაფასება არ აქვს - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად, მოქმედი თავმჯდომარის არ წარდგენაზე. პაპუაშვილის განცხადებით, გიორგი კალანდარიშვილს არ ჰქონდა ერთპარტიული მხარდაჭერა და მის კეთილსინდისიერებაში ოპოზიციასაც არ შეუტანია ეჭვი: 

"ცესკო-ს თავმჯდომარემ თავი გამოიჩინა პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით, წლებია საჯარო სამსახურშია. მის წინააღმდეგ მათ შორის წინა არჩევნების დროს იყო დისკრიმინაციული კამპანია და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით ამ დისკრედიტაციულ კამპანიას ხელი შეუწყო. ეს არის სამწუხარო სიგნალი პრეზიდენტის მხრიდან საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ფასდება არა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, არამედ გადაწყვეტილება მიიღება იმის მიხედვით, პოლიტიკურად რამდენად ჩათვლის ვინმე ამას საჭიროდ.

არ არსებობს არცერთი შენიშვნა მოქმედი თავმჯდომარის მიმართ ოპოზიციის მხრიდანაც კი, რაც მის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში შეიტანდა ეჭვს. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ამით საჯარო მოხელეებს დაანახა, რომ მათ პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას დაფასება არ აქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები 5 აგვისტოს  წარუდგინა. სიაში ვერ მოხვდა მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი. თუ რატომ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტებაც გააკეთა და მიზეზად ის დაასახელა, რომ კალანდარიშვილმა ორჯერ  ვერ მოიპოვა პარლამენტის წევრთა 2/3 -ის უმრავლესობა, რაც საჭიროა 5 წლის ვადით ასარჩევად.

ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად თამარ ალფაიძე და რევაზ ეგაძე წარადგინა.

დღეს განცხადება ცესკომაც გაავრცელა და სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური მოტივით ხელმძღვანელობაში დაადანაშაულა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი