სიღნაღის სასამართლომ იარაღის უკანონო ტარებაში ბრალდებული ბიზნესმენი გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ იარაღის უკანონო ტარებაში ბრალდებული ბიზნესმენი გაამართლა.

გადაწყვეტილება,  მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა და 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 34 წლის ლევან ბიძინაშვილი პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ლევან ბიძინაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა- ტარება ედებოდა ბრალად და 4- დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

ბრალდების მტკიცებით, 2021 წლის დეკემბერში, სოფელ ტიბაანის გზაზე მიმავალი ბიზნესმენი პოლიციას არ დაემორჩილა, ავტომანქანა არ გააჩერა და ის დევნის შემდეგ დააკავეს. ჩხრეკის დროს კი,  ბიძინაშვილს არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს. 

თავად ბრალდებული კი ბრალს არ აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ იარაღი ჩაუდეს. მიზეზად კი მეუღლის სახელზე, იჯარით გაცემულ 70 ჰექტარი მიწის ნაკვეთით დაინტერესებას ასახელებდა.

ბრალდების მხარე,  სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

სოფელ  ტიბაანში მცხოვრებ ლევან ბიძინაშვილს,  სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 2012 წლიდან, რამდენიმე კომპანია აქვს დაფუძნებული. ფლობს ბეტონისა და სამშენებლო ბლოკის ქარხნებს, მეტალოპლასტმასისა და რკინის საამქროებს. მისი კომპანიები ხშირად მონაწილეობენ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ  ტენდერებში.

ბიძინაშვილს,  ოჯახთან ერთად აქვს სასოფლო-სამეურნეო ბიზნესიც.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი