82 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი- დარბაზში მარტო დარჩენილმა უმრავლესობამ ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად დაამტკიცა. შოთაძე თანამდებობაზე მეორედ და 6 წლით ისე განამწესეს, რომ მისთვის არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ.
კენჭისყრის შემდეგ, დარბაზიდან გამოსული უმრავლესობის წევრები ამბობდნენ, რომ შოთაძემ ქვეყანაში სამართლიანობა აღადგინა. ამის მაგალითად მათ წინა ხელისუფლების გახმაურებული საქმეები მოიყვანეს.
გენერალური პროკურორად დაბრუნების შემდეგ, ირაკლი შოთაძისთვის ტესტი ნიკა მელიას საქმე იქნება. გააგრძელებს თუ არა პროკურატურა ოპოზიციის დევნას და დააპატიმრებს თუ არა ნიკა მელიას ქართუ ბანკის საქმეზე, ირაკლი შოთაძე კითხვაზე პირდაპირ არ პასუხობს.
პირველმა ინსტანციამ ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა მელია გაამართლა, ახლა კი საგამოძიებო უწყებამ ქართუს საქმე ხელახლა სააპელაციო სასამართლოში გააცოცხლა.
ირაკლი შოთაძის დამტკიცებამდე საპარლამენტო ტრიბუნიდან არჩილ თალაკვაძემ წლიური ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისა თალაკვაძეს ოპოზიციამ პერფორმანსით შეაწყვეტინა. ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი სხდომათა დარბაზში შევიდნენ და სიმბოლურად სსრკ ჰიმნი ჩართეს
ამ პერფორმანსის გამო, სხდომა რამდენიმე წუთით შეჩერდა, მაგრამ არ შეწყვეტილა.
არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის დარბაზში შესვლამდე, ისინი მწვავედ გააკრიტიკა და დესტაბილიზაციის მცდელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძემ კი ოპონენტებს „სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები“ უწოდა.