
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის ინფორმაციით, ფრონტზე ახლა სამჯერ ნაკლები უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება, ვიდრე ივნისის დასაწყისში, პოდოლიაკის თქმით, ქვეყანამ დანაკარგების შემცირება მოახერხა და ახლა ფრონტზე ყოველდღიურად 30-50-მდე ადამიანი იღუპება. პოდოლიაკის ინფორმაციითვე, ეს ციფრი ზაფხულის დასაწყისში 100-200 ჯარისკაცამდე იყო.
"მაგრამ, კიდევ ერთხელ, მთლად სწორი არ არის ჩვენი მხრიდან ამაზე საუბარი. უფრო სწორია, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი კონკრეტულ ციფრებს გამოაქვეყნებს, რამდენი ადამიანი დაიღუპა", - დასძინა მან BBC -სთან ინტერვიუში.
პოდოლიაკის თქმით, ივნისში უფრო დიდი დანაკარგები ომის მეორე ეტაპზე გადასვლამ განაპირობა, როდესაც საარტილერიო ომი დაიწყო.
”მაგრამ დღეს მსხვერპლის რაოდენობა მცირდება, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩვენი MLRS [თვითმავალი ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა] ძალიან ეფექტურად მუშაობს რუსული არმიის ლოჯისტიკურ ცენტრებში. მეორეც, რუსული არმია გადანაწილებულია ფრონტის მთელ ხაზზე. და მესამე, ჩვენები უკვე ადაპტირებულნი არიან." - განმარტა მან.
ცნობისთვის, 1-ელ ივნისს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტზე ყოველდღიურად 60-დან 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპებოდა და ზიანდებოდა 500-მდე ადამიანი.
აპრილის შუა რიცხვებში, პრეზიდენტმა მასმედიას უთხრა, რომ ოკუპანტებთან ომში უკრაინის შეიარაღებული ძალების 2,5-3 ათასი ჯარისკაცი დაიღუპა. ამავდროულად, დაახლოებით 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაჭრილი იყო.
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბს უკრაინული არმიის დანაკარგებზე ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.