
"მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ღალატია, როცა სახელმწიფო მებრძოლებს საფრთხის ქვეშ აგდებს.
"მთავარმა არხმა" გუშინ მოამზადა რეპორტაჟი, რომ ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეციალური სამსახურების ხელშია. საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.
"წლების განმავლობაში, საფუძვლიანი ეჭვი გვქონია იმაზე, რომ "ქართული ოცნების" სპეცსამსახურები თანამშრომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან, არცერთი აგენტი არ გამოვლენილა წლების განმავლობაში. ჩვენ გვქონდა ტრისტან წითელაშვილის საქმე, როდესაც პრაქტიკულად დადასტურდა, რომ ინფორმაცია სამხედრო ობიექტების შესახებ გადაეცა რუსეთს, გვქონდა გია ცერცვაძის საქმე, როდესაც ასევე გადაეცა ინფორმაცია ჩვენი გმირი სამხედროს შესახებ რუსეთს", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
მისი განცხადებით, რაც გუშინ "მთავარი არხის" ეთერში ვნახეთ არის ფაქტი, სადაც ჩანს, რომ კონკრეტული დოკუმენტი ოკუპანტის ხელშია.
"ამ სამხედროებს კონკრეტული საფრთხის ქვეშ აგდებს "ქართული ოცნება". ეს არის ღალატი და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ აქ არ ვართ შიდა პოლიტიკურ ან პარტიულ დაპირისპირებაში, ჩვენი სახელმწიფო ჩვენ მტრებს გადასცემს ინფორმაციას ჩვენი გმირების შესახებ", - თქვა მან.
ხოშტარიას განცხადებით, არ აქვს ილუზია, რომ თვდაცვის სამინისტრო რაიმე კეთილსინდისიერ განმარტებას გააკეთებს, ან ობიექტური გამოძიება ჩატარდება.