
აშშ უკრაინას ტერიტორიების განაღმვისთვის 89 მლნ დოლარს გამოუყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ თანხა მოხმარდება 100 ჯგუფის წვრთნასა და აღჭურვას, რათა გააძლიეროს უკრაინის მთავრობის შესაძლებლობა, გაანადგუროს რუსი ოკუპანტების მიერ განთავსებული ფეთქებადი საბრძოლო მასალები.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 16 მილიონი ჰექტარი დანაღმა.
"უკრაინაში რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებულმა შეჭრამ ქვეყნის დიდი ნაწილი ნაღმებით, აუფეთქებელი ჭურვებითა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით დაფარა. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ისეთი გამოყენება, როგორსაც ჩვენ უკრაინაში რუსი აქტორების მიერ ვხედავთ, ადრე მხოლოდ სირიაში "ისლამურ სახელმწიფოსთან" იყო დაკავშირებული. ეს ფეთქებადი საფრთხეები ბლოკავს ნაყოფიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომას, ხელს უშლის დევნილების სახლებში დაბრუნებას და აგრძელებს უდანაშაულო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობასა და დასახიჩრებას", - წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მათივე ცნობით, მარტის ბოლოდან უკრაინელებმა დაახლოებით 160 000 რუსული ნაღმი გააუნებელყვეს, თუმცა დაახლოებით 5 მილიონი უკრაინელი ცხოვრობს იმ ადგილებში, სადაც ოკუპანტების მიერ დამონტაჟებული ნაღმები კვლავ სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს.