ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის წესზე "ოცნების" განცხადებები ადასტურებს, რომ EU-ს რეკომენდაციების შესრულების პროცესი იმიტაციურია - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმართ საბოტაჟში ადანაშაულებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამის ერთ-ერთ მიზეზად ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებაზე მმართველი გუნდის მიერ დისკუსიის გახსნას ასახელებენ.

საკითხზე დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, "ოცნების" ქმედებები ადასტურებს, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესი იმიტაციურია და რეალურად, მმართველი გუნდი ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობებით არის დაკავებული. 

"სამწუხაროდ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, "ქართული ოცნების" ოლიგარქიული მმართველობის პირობებში, არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭება, არამედ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური, პროდასავლური კურსი დადგა ეჭვქვეშ, რაც ყოველდღიურად დასტურდება ჩვენს პარტნიორებზე ღია, აგრესიული თავდასხმით და რუსული გავლენების ინფილტრაციით ჩვენს ქვეყანაში.

"ქართული ოცნების" მიერ რეკომენდაციის შესასრულებლად მხოლოდ იმიტაციურ პროცესს ადასტურებს უმრავლესობის გუშინდელი განცხადება, რაც ასევე არის საგანგაშო. ისინი მზად არიან, შეცვალონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის წესი, რომელიც მიშელის შეთანხმების ნაწილია და მოიცავს 2/3 ხმებით დანიშვნას თავმჯდომარის. ეს გულისხმობს იმას, რომ მმართველი ძალის ინტერესშია არა საარჩევნო რეფორმა, როგორც ამას ევროკავშირის რეკომენდაციები გვეუბნება, არამედ არჩევნების ოლიგარქიული სისტემის ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტად გამოყენება. ჩვენ პარტნიორებთან ერთად, რეალურად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ დეოლიგარქიზაცია დაიწყოს სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების შეცვლით", - თქვა დეკანოიძემ. 

"ოცნების" პასუხისმგებლობას ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟში სხვა ოპოზიციური პარტიებიც ხედავენ. "სტრატეგია აღმაშენებელში" ამბობენ, რომ ოლიგარქიული მმართველობის რეჟიმში ქვეყნის ევროინტეგრაცია ვერ მოხდება და ერთადერთი შანსი, ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებაა.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი თავის მხრივ ამტკიცებენ, რომ რეკომენდაციებზე მუშაობენ და "ერთადერთი, ვინც პროცესს ხელს უშლის, ოპოზიციაა".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი