როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია - საპარლამენტო ოპოზიცია ევროკავშირისა და ამერიკის საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა. სტრატეგიულ პარტნიორებთან საუბრის დროს ოპოზიციონერებმა საკუთარი ხედვები წარადგინეს და ხელისუფლება პროცესის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულეს. მათი შეფასებით, ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს,რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღოს.
პარლამენტში იმყოფებოდნენ საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ჟულიენ კრამპსი და აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური ოფიცრები ლანა ოუენი და ევან ელიოტი.
უცხოელი დიპლომატები ცალ-ცალკე შეხვდნენ „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილს, „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, ფრაქცია „ენმ"-ს თავმჯდომარე ხატია დეკანოიძესა და პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატს მიხეილ დაუშვილს.