
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მანდატის გაფართოებას ითხოვს. სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სონღულაშვილმა პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამსახურს უნდა გაეზარდოს საგამოძიებო უფლებამოსილება იმ საქმეებზე, რომლებზეც ევროსასამართლო ხელახალი გამოძიების ვალდებულებას დააკისრებს
„მიგვაჩნია, რომ სამსახურს უნდა გაეზარდოს საგამოძიებო უფლებამოსილება იმ საქმეებზე, რომლებზეც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და მინისტრთა კომიტეტი სამსახურს ხელახალი გამოძიების ვალდებულებას დააკისრებს და ეს არ იქნება რომელიმე კონკრეტული მუხლით შემოფარგლული - ნებისმიერი კონვენციური მუხლის გამოძიების ვალდებულება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უნდა გადმოეცეს“, - განმარტა ნათია სონღულაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე მუშაობს, დღეს პირველი სხდომა ჩაატარა.