
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 6-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
"გამოძიების თანახმად, 10 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის ცენტრალური ნაწილი დაბომბა. შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ექვსმა კი დაზიანებები მიიღო ნაღმებისა და ჭურვების ნამსხვრევებით. დაზიანდა მაღაზიები, კერძო სახლები და მაღალსართულიანი შენობები.
წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გამოიყენეს "ურაგანის" სახმელეთო რაკეტები.
ამ დროისთვის დაღუპულთა და დაშავებულთა, ასევე დანგრეული სახლების რაოდენობის დაზუსტება მიმდინარეობს", - აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე ცნობით, დაწყებულია წინასწარი გამოძიება ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტებზე (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მეორე ნაწილით).