
ოკუპირებულ სოხუმში, 10 აგვისტოს, "ჩერნომორენერგოს" ყოფილი გენერალური დირექტორის, ასლან ბასარიას მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, რომ სროლა დაახლოებით 21:40 საათზე იყო.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, მას გამვლელი მანქანიდან ესროლეს და სავარაუდოდ, ერთი ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი. ოჯახის ახლობელი ყვება, რომ ბასარიას მანქანას, დაახლოებით 14 ტყვია ესროლეს.
სროლაში ეჭვმიტანილი დე ფაქტო პარლამენტის ყოფილი წევრი, ალმას ჯოპუაა. ის მოქმედი საოკუპაციო მთავრობის მხარდამჭერია და რუსეთთან დაახლოებული პირია. მათ შორის დაპირისპირების მიზეზი კი ბიჭვინთის თემა გახდა.
გუშინ ბიჭვინთაში რუსეთის დელეგაცია ჩავიდა, მათ პარკი დაათვალიერეს და ტერიტორიის მოსკოვისთვის გადაცემის საკითხი განიხილეს. პარკში ვიზიტის დროს ადგილზე აფხაზები მივიდნენ, რომლებიც ტერიტორიის გადაცემას აპროტესტებენ. ამ აქციას, ე.წ. ხელისუფლების ეჭვით, ასლან ბასარია აორგანიზებდა.
ბასარიას დე ფაქტო უწყებებისთვის ჯერ ჩვენება არ მიუცია, თუმცა ის ექსპერტიზაზე დაიბარეს. ის ამბობს, რომ ბიჭვინთის გადაცემას თვითონ აფხაზები ეწინააღმდეგებიან, და თუ იქნება შემხვედრი წინადადება, დროის ფაქტორი იქნება რუსეთის აფხაზეთშიც დამარცხება.
მან აღარ უპასუხა შეკითხვას, ვის გულისხმობს ის შემხვედრ წინადადებაში.
ავტორი: ემა გოგოხია.