
თბილისის მერი, კახი კალაძე მელიქიშვილის გამზირზე რუსული ნომრებით სატვირთო მანქანების გამოჩენასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ისინი უწყების არცერთ კონტრაქტორს არ ეკუთვნის. ამის მიუხედავად, კალაძე ამბობს, რომ საერთოდ ვერ ხედავს პრობლემას რუსული ნომრებით მანქანა თუ გადაადგილდება თბილისში.
"განცხადებამ არ დაგაკმაყოფილათ?! ჯერ ერთი დავიწყოთ პირველი იქედან რომ არცერთი კონტრაქტორი, რომელიც მუშაობს და მერიას ჰყავს აყვანილი, ეს ავტომობილები არ არის მათი, გარდა ამისა, მიმდინარეობს სხვადასხვა მშენებლობები კონკრეტულ გამზირზე, მესამე თემა, საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას რუსული ნომრით მანქანა თუ გადაადგილდება თბილისში", - თქვა კალაძემ.
რუსული "კამაზის" ფოტოები, რომელიც მელიქიშვილის გამზირზეა გადაღებული, სოციალურ ქსელში გუშინ გვრცელდა. მერია აღნიშნულს გუშინვე გამოეხმაურა და თქვა, რომ აღნიშნულ ავტომანქანას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არანაირი კავშირი არ აქვს.