ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს... დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი და პარალიზება - ჯაფარიძის გეგმა და მიმართვა

გამოქვეყნდა:

ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს... დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი და პარალიზება - ვიდეომიმართვას ამ სახელწოდებით "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე აქვეყნებს და საუბრობს ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებაზე. 

კითხვაზე, რა არის გასაკეთებელი, ჯაფარიძე ამბობს რომ შეთანხმებაა საჭირო რამდენიმე ფაქტორზე:

ა) ივანიშვილის ოცნება არის არალეგიტიმური, მათ უზურპირებული აქვთ ძალაუფლება;

ბ) სანამ მმართველობის ეს სისტემა არ შეიცვლება, არ იქნება არანაირი სტატუსი ევროპიდან;
ანუ სანამ არ მოხდება ე.წ. დეოლიგარქიზაცია, ეს ქვეყანა გააგრძელებს ჩაძირვას;

გ) ამ სისტემის დღევანდელი ფაქტობრივი მესვეური, ივანიშვილი, ამ სისტემას თვითონ არ შეცვლის;
ოლიგარქი თვითონ არ დაასრულებს მმართველობის ამ ფორმას, მას ძალაუფლება შეიძლება მხოლოდ ძალით წაართვა.

დ) მმართველობის ამ სისტემის შეცვლის, იგივე დეოლიგარქიზაციის შანსი გაჩნდება მხოლოდ არჩევნებით ამ სისტემის დღევანდელი მესვეურის, ივანიშვილის დამარცხების შემდეგ;

ვერანაირი მოლაპარაკებებით, დიალოგით, თანამშრომლობით, ინსტიტუტების გამოყენებით და ა.შ. ივანიშვილს ვერაფერს დაათმობინებ. მოგატყუებს, გადაგაგდებს, დაგცინებს, გამოგიყენებს და მიგაგდებს, რაც არაერთხელ გაუკეთებია.

ე) სისტემის დამარცხება და მმართველობის ამ ფორმის შეცვლა უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებული ეს ფანჯარა შეიძლება სწრაფად დაიხუროს;

ვ) ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამოცანა არის მივაღწიოთ არჩევნებს რაც შეიძლება სწრაფად, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს და რა სისტემითაც არ უნდა მოგვიწიოს მისი ჩატარება;

ზ) მოწინააღმდეგე არ არის მხოლოდ ივანიშვილი. მოწინააღმდეგე არის სისტემა, რომლის სათავეშიც დღეს არის ივანიშვილი. ამ სისტემის ნაწილია როგორც პარტია ქართული ოცნება, ისე ხელოვნურად გაბერილი ბიუროკრატია, ივანიშვილთან და რუსეთთან ალიანსში მყოფი საპატრიარქო, ალიანსში მყოფი ქურდული სამყარო, ნაყიდი კულტურისა და სპორტის ე.წ. მოღვაწეები, ნაყიდი სკოლებისა და ბაღების თანამშრომლები, პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო და ამათი ყველას მართვის ცენტრი - სუსი

ამ სისტემას ზურგს უმაგრებს რუსეთი, რადგან ეს სისტემა არის გარანტია ამ ქვეყნის კიდევ უფრო გაფარჩაკების" ამბობს ჯაფარიძე.

პარტიის ლიდერის თქმით, ამ ყველაფრის საწინააღმდეგოს ვინც ამტკიცებს, "ან სულელია ან სტატუს ქვოს შენარჩუნება აწყობს და თავს ისულელებს".

მისივე თქმით, "თუ თავისუფლება მართლა რამეს ნიშნავს ჩვენთვის", რჩება ერთადერთი გზა - "არ შეგუება, არ დამორჩილება, პროტესტი და საბოტაჟი მანამდე, სანამ ძალაუფლებას არ წავართმევთ".

ჯაფარიძე ამბობს, რომ ამას ელოდება საქართველოსგან დასავლეთიც:

"...ამიტომ, მე გთავაზობთ შემდეგს და მინდა ყველა დეტალს მიაქციოთ ყურადღება, რადგან ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. მე გთავაზობთ ბრძოლას ამათთვის ძალაუფლების წართმევისთვის. მე გთავაზობთ ბრძოლას ისეთი მეთოდებით როგორიცაა დაუმორჩილებლობა, პროტესტი და საბოტაჟი;

მე მჯერა რომ ამათ, ხელისუფლებაში მოკალათებულ ორკებს, ხელი უნდა შევუშალოთ ძალაუფლების შენარჩუნებაში, არა ქვეყნის მართვაში, როგორც მათ სურთ რომ წარმოაჩინონ, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაში, რაც პიდაპირ ითარგმნება ქვეყნის გაპარტახებაში და რუსეთისთვის ნელ-ნელა ჩაბარებაში.

დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩემთვის ბევრად კომფორტულია პრობლემურ თემებზე საუბარი, კამათი, კრეატიული ვიდეოების კეთება, ტელეეთერებში სიარული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი;

დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება- სექტემბრიდან მე და ჩემი მეგობრები ვაპირებთ მეტწილად ამას დავუთმოთ ჩვენი დრო

დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება - სანამ არ დანიშნავენ რიგგარეშე არჩევნებს

მე გთავაზობთ ყველას ამაში მონაწილეობას. არ მაინტერესებთ რომელი პარტიის მხარდამჭერი ხართ, არ მაინტერესებს რა წარმოდგენების ხართ ჩემზე ან გირჩზე, არ მაინტერესებთ ვის დაუჭერთ მხარს მომავალში

მაინტერესებს მხოლოდ სამი რამე:

1. გააზრებული გაქვთ თუ არა რომ თავზე ძალაუფლების უზურპატორი რუსეთის მონები გაზიან
2. გააზრებული გაქვთ თუ არა რომ არჩევანის უფლებას მხოლოდ ბრძოლით, ქუჩაში ბრძოლით დაიბრუნებთ
3. მზად ხართ თუ არა ასეთი ბრძოლისთვის" ამბობს ჯაფარიძე.

ზურა ჯაფარიძე მიმართავს ყველას, ვინც მზადაა ბრძოლისთვის, მიაწოდონ ინფორმაცია შესაბამის ბმულზე და ამბობს, რომ თავად მზადაა გახდეს დარტყმის, გაშავების, ლანძღვის, ცილისწამების და ა.შ.  მთავარი ობიექტი

"არ არსებობს გამარჯვების რაიმე გარანტია;

10 ადამიანი ვიქნებით, მოვიფიქრებთ რა შეიძლება გააკეთოს ათმა ადამიანმა;

100 ვიქნებით, მეტს შევძლებთ;

100,000 ვიქნებით, დედას ვუტირებთ ორკებს;

რომც ვერ შევძლოთ, 10 წლის, 30 წლის, 100 წლის მერე გადმოსახედიდან, ყველას ეცოდინება რომ ამ გულისამრევად დამამცირებელ დროში, აქ ცხოვრობდა ხალხი, რომლებმაც უზურპატორისთვის თავის დახრას და მორჩილებას, ისევე როგორც ტელეეთერებში სიარულს და ვითომ პოლიტიკის კეთებას, ბრძოლა არჩიეს, მაგრამ მე მჯერა რომ შევძლებთ თუ მოვინდომებთ, მჯერა რომ შანსი გვაქვს მნიშნელოვანი ცვლილების მონაწილე გავხდეთ.

ესენი უნდა წავიდნენ რაც შეიძლება სწრაფად, რიგგარეშე არჩევნების სწრაფად მიღწევა არის ახლა მთავარი მიზანი, 10 წლიანი რუსობა უნდა დასრულდეს" ნათქვამია ზურა ჯაფარიძის ვრცელ ვიდეომიმართვაში. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი