უკრაინული მედია Energoatom-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსებმა დღეს, 11 აგვისტოს, ნაშუადღევს, ისევ დაბომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მიმდებარე ტერიტორია.
„დღეს, 11 აგვისტოს, რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ყველაზე დიდი უკრაინასა და ევროპაში. ხუთი დარტყმა დაფიქსირდა სადგურის სამეთაურო პუნქტის მიდამოებში - შედუღების ადგილისა და რადიაციული წყაროების საწყობის გვერდით. მცირე ფართობზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა, მაგრამ საბედნიეროდ არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია Energoatom-ის შეტყობინებაში.
მათივე ინფორმაციით, კიდევ ხუთი იერიში დაფიქსირდა სახანძრო სადგურის მიდამოში, თუმცა სადგურზე სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება.
რამდენად სახიფათოა ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე და რა საფრთხეს უქმნის რუსული ოკუპაცია ევროპის უსაფრთხოებას ამ კუთხით, ამაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით მიმართვისას.