რუსებმა ფაქტობრივად ვარკეთილის, ან გლდანის ერთი მიკრორაიონი შეიძინეს უკანასკნელ 6 თვეში - ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში ბოლო 6 თვეში ფაქტობრივად გლდანის, ან ვარკეთილის ერთი მიკრორაიონი იყიდეს- აცხადებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი საგანგებო ბრიფინგზე.

ხაბეიშვილმა დღეს რუსების უკონტროლო შემოდინებაზე ისაუბრა და კონკრეტული ციფრები დაასახელა. მისი თქმით,  რუსეთის 16 480 მოქალაქეს უკვე აქვს ბინადრობის მოწმობა საქართველოში, დაირეგისტრირეს 3 200-ზე მეტი უძრავი ქონება  და 6 ათასზე მეტი რუსი ინდმეწარმედაც დარეგისტრირდა. და ეს ყველაფერი ბოლო 6 თვეში: 

"რუსეთის 16 480 მოქალაქეს უკვე აქვს ბინადრობის მოწმობა საქართველოში. უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში 3 200-ზე მეტი უძრავი ქონება დაირეგისტრირეს რუსეთის მოქალაქეებმა, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ვარკეთილის, ან გლდანის ერთი მიკრორაიონი შეიძინეს უკანასკნელ 6 თვეში. ამავე 6 თვეში, 6 ათასზე მეტი რუსი ინდმეწარმეებად დარეგისტრირდნენ და ეს არის სახიფათო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არ აკონტროლებს არაფერს, ამ ადამიანებს არანაირი შეზღუდვა არ აქვთ და არ ვიცით არღვევენ თუ არა საოკუპაციო კანონს" ამბობს ხაბეიშვილი.

მისივე თქმით, რუს ე.წ. ტურისტებს აქეთ აქვთ აგრესია, როდესაც ესმით, რომ რუსეთი და პუტინი ოკუპანტია და არც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ. ხაბეიშვილის თქმით, სწორედ უსამშობლო ივანიშვილისა და მისი უსამშობლო "ოცნების" მიზანია საქართველო ქართველების გარეშე და რუსების უკონტროლო შემოსვლის პარალელურად, გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეები საქართველოს ტოვებენ. 

ენმ ხელისუფლებას მოუწოდებს,  რუსეთიდან შემოსულებისთვის სპეციალური ღონისძიებები გაატაროს. კონკრეტულად: 

"ჩვენ იუსტიციის სამინისტროსთვის გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, რომლებიც უკავშირდება ტურისტების მხოლოდ 1 თვით შემოშვების უფლებას, შეზღუდვებს უძრავი ქონების ყიდვაზე, მათი სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვას და ასევე, საზღვარზე გაჩნდეს ერთი პუნქტი და თუ ტურისტი მოდის კეთილი ზრახვებით და უნდა როგორც სტუმარი იყოს საქართველოში, კეთილი ინებოს და აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა" განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი