
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გახარიას პარტიას ფრაქცია დაეშალა. ფრაქციის 4 წევრიდან, 2 -მა დეპუტატმა- ნუგზარ შუშანიამ და მაკა ჩარტიამ "საქართველოსთვის" დატოვეს და აცხადებენ, რომ მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ.
თუმცა, პარტიაში "საქართველოსთვის" ამბობენ, რომ რეალურად ისინი "ქართულმა ოცნებამ" გადაიბირა და ერთ-ერთი მათგანი დააწინაურა კიდეც. კერძოდ, ნუგზარ შუშანია "ოცნებამ" ხმათა უმრავლესობით დღესვე დანიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მესამე მოადგილედ.
აღსანიშნავია, რომ შუშანია საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნის, ვაჟა სირაძის ახლო ნათესავია, საკრებულოს თავმჯდომარე კი სირაძის სიმამრია.
ხობის საკრებულოში ამჟამად ქართულ ოცნებას 21 დეპუტატი ჰყავს, ენმ-ს 11, პარტიას "საქართველოსთვის" კი 2.
ავტორი: ემა გოგოხია