
ახალქალაქის ჰოსპიტალში ახლადნამშობიარები ქალის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს და წერს, რომ უწყება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით იკვლევს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობით ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ცნობისთვის, ახალქალაქის კლინიკაში 27 წლის ქალი 7 აგვისტოს გარდაიცვალა.
გამოცემა წერს, რომ მზისა ზაზაძემ, 30 ივლისს „ევექსის“ ქსელის ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ფიზიოლოგიურად იმშობიარა. ის სამედიცინო დაწესებულებიდან სახლში 3 აგვისტოს გამოწერეს, რის შემდეგადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი ახალქალაქის ჰოსპიტალში 6 აგვისტოს მოათავსეს, 7 აგვისტოს კი გარდაიცვალა.
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განცხადებით, გარდაცვლილის საქმეზე შესწავლა დაიწყო. ისინი განმარტავენ, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე გადაწყდება, რომელი სამედიცინო დაწესებულების შესწავლა განხორციელდება, ახალქალაქის ჰოსპიტლის თუ ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, ქალის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად შესაბამისი ანალიზები უკვე ჩატარდა და ნიმუშები თბილისში გადაიგზავნა. დასკვნა, სავარაუდოდ, ერთ თვეში გახდება ცნობილი.