120 000 დოლარი ქვეყნის ბიუჯეტიდან - სასოწარკვეთილი „ქართული ოცნება“ ვაშინგტონში კიდევ ერთ ლობისტურ კომპანიას ქირაობს. კომპანია „Strait Various”-ს უმრავლესობა კონკრეტულ დავალებას აძლევს. ამერიკელმა ლობისტებმა მმართველი პარტიის წევრებს შეხვედრების წინ საჯარო მიმართვების ტექსტები უნდა მოუმზადონ და ამერიკელ პოლიტიკოსებთან კომუნიკაციის ენის შერჩევაში დაეხმარონ.
ორგანიზაცია პენ ბაიდენის დირექტორის, მაიკლ კარპენტერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მცდელობა ლობისტების მეშვეობით გაისუფთაოს საკუთარი იმიჯი, წარუმატებელი მცდელობაა. მისი თქმით, კონგრესის წევრებმა კარგად იციან, რა ხდება სინამდვილეში საქართველოში.
„ბევრი მთავრობა ქირაობს ლობისტებს, რომ გაისუფთაონ საკუთარი იმიჯი და დაარწმუნონ გავლენიანი ხალხი ვაშინგტონში, რომ მათი პოლიტიკა არ მოდის წინააღმდეგობაში ამერიკის პრინციპებთან, მაგრამ კონგრესის წევრებმა ძალიან კარგად იციან სინამდვილეში რა ხდება მათივე თანამშრომლებისა და სახელმწიფო დეპარტამენტისგან. ამიტომ, რა მიზნით ქირაობს თქვენი მთავრობა ლობისტებს, ეს მათ უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ვაშინგტონის გადმოსახედიდან, მე ეს შემიძლია გითხრათ, მთავრობის მიერ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა 2020 წლის არჩევნებისთვის, ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავება და ოპოზიციის ლიდერების დევნა და ასევე სხვა ნაბიჯები, ვაშინგტონში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველომ ევროატლანტიკურ კურსს გადაუხვია და ეს პრობლემატურია,“- განაცხადა კარპენტერმა.
ამავე აზრს იზიარებს ოპოზიციაც. რესპუბლიკური პარტიის წევრის, დავით ბერძენიშვილის შეფასებით, ივანიშვილის ხელისუფლების შელახულ იმიჯს დასავლეთის თვალში ვერანაირი ლობისტური კომპანია ვეღარ ჩამორეცხავს.
„რამდენი ლობისტიც არ უნდა იქირაოს, უკვე ივანიშვილის ხელისუფლების გათეთრება დასავლეთის თვალში, გარეცხვა არ მოხერხდება. ყოველი მომდევნო კომპანიის დაქირავების შემდეგ ჩვენ რას ვხედავთ? ვხედავთ, ხარისხობრივ და რაოდენობრივ ზრდას კრიტიკის ზრდას დასავლეთიდან. ამიტომ, რამდენი მილიარდიც უნდა ჩამოდოს ივანიშვილმა ქართველ ამომრჩეველში და რამდენი მილიონიც უნდა დახარჯოს ლობისტებში, მისი მილიარდები ვერ უგებს ერთ მილიონს, როცა ეს მილიონი არის ხმა და ეს მილიონი ხმა იქნება მის წინააღმდეგ,“- განაცხადა ბერძენიშვილმა.