
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მედიკოსები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტს კუნთების ატროფია განუვითარდა და რამდენიმე მძიმე დიაგნოზი დაემატა.
ამასთან, ოჯახის წევრები და ცენტრი „ემპათიას“ ექსპერტები ორ კვირაზე მეტია ჯანდაცვის სამინისტროს პასუხს ელოდებიან, რომელმაც საერთაშორისო ექსპერტებისთვის შესაბამისი ლიცენზია უნდა გასცეს.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევაში და საბოლოო დასკვნის მომზადებაში მათ ჩართვას "ემპათია" ითხოვს. ერთობლივად მომზადებული დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს და საბოლოოდ მოსამართლემ საექსპერტო დოკუმენტის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს, გადაუვადდება თუ არა მესამე პრეზიდენტს სასჯელის მოხდა და გადაიყვანენ თუ არა მას საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
"კუნთები მართლაც ატროფირებულია, ეს ჩანს შეუიარაღებელი თვალით. ექიმიც არ არის საჭირო რომ იყო. იმუნიტეტი არის დაქვეითებული. გამოვლინდა დამატებით რაღაც დიაგნოზები. ჩამოდიან ექიმები უცხოეთიდან, ვნახოთ, იმათი დასკვნები როგორი იქნება. იმ დასკვნებზე დაყრდნობით დაინიშნება პროცესი იმედია და შემდეგ უკვე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება", - თქვა გიული ალასანიამ.
მესამე პრეზიდენტის მკურნალობისთვის ადეკვატური პირობების შექმნის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა.
"თუკი იგი არ მიიღებს ადეკვატურ მკურნალობას და რეაბილიტაციას შესაბამის გარემოში, სტრესისგან თავისუფალ გარემოში, მოსალოდნელია დამძიმება, უნარშეზღუდულობამდე მისვლა ამ პიროვნების ანდა ლეტალური გამოსავალი. ასე მთელი ცხოვრება დანამატებზე, მთელი პატიმრობის პერიოდი ვერ იქნება. მას სჭირდება, რომ ადეკვატურ პირობებში გადიოდეს რეაბილიტაციას. დასკვნა დასრულდება როდესაც საერთაშორისო ექსპერტები ჩამოვლენ და ისინიც მიიღებენ მონაწილეობას", - თქვა ჯიშკარიანმა.