2021 წელს გამოწვევები ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა - EU-ს ანგარიში ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე

გამოქვეყნდა:

როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმებას? - ევროკავშირი  ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მიმოხილულია გასული წლის განმავლობაში, საქართველო - ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ "2021 წელს გამოწვევები ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა". ასეთებად დასახელებულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეზღუდვები პარლამენტის ფუნქციონირებაში; ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარვეზები. ასევე:

"2021 წლის ივლისის ძალადობა ჟურნალისტებისა და ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერების, ინტერსექს და ქვირ პირთა (LGBTIQ) წინააღმდეგ შემდგომი არსებითი გამოძიების გარეშე;  ცნობები ქართული და დიპლომატიური საზოგადოების ნაწილის მოსმენების შესახებ."

ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ გასული წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმა შეფერხდა და ძირითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა, ხოლო რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კანონი პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ, აუცილებელი კონსულტაციებისა და ანალიზის გარეშე მიიღო: "ეს კანონები სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას, დანიშვნის საკვანძო პროცედურებს, ფარული თვალთვალის პროცედურებს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლას მოიცავდა." ნათქვამია დოკუმენტში. 

დოკუმენტში ვკითხულობთ იმასაც, რომ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ სერიოზული შედეგები მოჰყვა საქართველოსთვის უსაფრთხოების ვითარების კუთხით, რაც გამწვავდა თვითგამოცხადებულ რეგიონებში რუსეთის ჯარების ყოფნით. 

"ამან ასევე იმოქმედა ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგან უკრაინა და რუსეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. ევროკავშირმა კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს მედეგობის მხარდაჭერა, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით. მთავრობამ რუსეთსა და ბელარუსს სანქციები არ დაუწესა, მაგრამ მიიღო ზომები ევროკავშირის ზოგიერთი სანქციის პრაქტიკაში განსახორციელებლად და სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად." წერს ევროკავშირი და კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 

დოკუმენტში მიმოხილულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებული პოლიტიკური ვითარება და 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმება. ნათქვამია, რომ ძირითადი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთოჯამში ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებულმა და მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და არჩევნების დღეს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა. ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშ დააყენეს და მანდატების აღებაზე უარი განაცხადეს. 

რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ევროკავშირის შეფასებით, შეთანხმების ძირითადი ნაწილები შეუსრულებელი რჩება.
 

"შეთანხმებას თითქმის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და პარლამენტის წევრმა ხელი მოაწერა. თუმცა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ შეთანხმებიდან 2021 წლის ივლისში გავიდა და უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  შეთანხმებას მხოლოდ „ქართული ოცნების“ გასვლის შემდეგ შეუერთდა. შეთანხმების ძირითადი ნაწილები - განსაკუთრებით სასამართლო რეფორმა და ძალაუფლების განაწილება პარლამენტში - ამ ანგარიშის დაწერის დროს კვლავ შეუსრულებელი რჩება." ნათქვამია დოკუმენტში.  

ანგარიშში მოხვდა მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ  "პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები 2021 წელს განაგრძობდა პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენას". ევროკავშირი წერს, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნამ და დაკავებამ 2021 წლის თებერვალში, შემდგომი პოლარიზაცია გამოიწვია. 

"2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია „მთავრის“ დირექტორის ბ-ნ გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და მას 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

2021 წლის შემოდგომაზე, ბ-ნი სააკაშვილის ციხეში ყოფნის ვიდეომასალის გამოქვეყნებამ და სათანადო ჯანდაცვისა და სასამართლო სხდომებზე დასწრების უფლების სავარაუდო დარღვევამ შეშფოთება გამოიწვია. ბ-ნ სააკაშვილის სასამართლო საქმეზე განაჩენის გამოტანამდე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის ნოემბერში დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება გამოგზავნა. მან დაავალა მთავრობას მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უზრუნველყო შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უსაფრთხოება. მან ასევე ბ-ნ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვიტისკენ მოუწოდა. სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, ბ-მა სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა და სამედიცინო რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება ქვეყნის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების შესახებ ბ-ნ სააკაშვილის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის." ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში არის ჩანაწერი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გათავისუფლებაზე და ნათქვამია, რომ  2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლის შესახებ არსებითი წინასწარი კონსულტაციების გარეშე. 

"მისი ფუნქციები გადაეცა ორ ცალკეულ უწყებას და სახელმწიფო ინსპექტორი თანამდებობიდან ფორმალური პროცედურის გარეშე გაათავისუფლეს, რამაც ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის საფრთხესთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია.  ეუთო / ოდირის 2022 წლის 18 თებერვლის მოსაზრებით საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დადგინდა, რომ პროცესი, რომლითაც ეს ცვლილებები განხორციელდა, საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირებას საქართველოში." წერს ევროკავშირი.

ევროკავშირი წერს, რომ ქვეყანაში მედიაგარემო პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ძალზე პოლარიზებული. მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით კი მედიის თავისუფლება მნიშვნელოვნადაა გაუარესებული, განსაკუთრებით ჟურნალისტების უსაფრთხოების თვალსაზრისით. წერია, რომ 2021 წლის 5 ივლისს მთავრობამ და სამართალდამცავებმა მშვიდობიანი შეკრების უფლება და მომიტინგეების უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვეს და ორგანიზატორებს ბრალი არ წაუყენეს და რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფმა ალტინფომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სატელევიზიო მაუწყებლობის უფლება მოიპოვა. 

ანგარიშში მოხვდა ე.წ. კრებსების საქმეც და 7 ივნისს, პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონიც, რომლითაც სამართალდამცავ უწყებებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლებები ეზრდებათ:

2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა ცნობები ქართველი საზოგადოებისა და დიპლომატების ფართო მოსმენების შესახებ. მედიამ მიიღო წვდომა დიდი რაოდენობით ფაილებზე, რომელიც პირად სატელეფონო საუბრებს ეფუძნებოდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. 

2022 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის შესაბამისად მატულობს სამართალდარღვევათა რაოდენობა, რომელთა მიმართებაში ნებადართული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო ამ მოქმედებების ხანგრძლივობა იზრდება. ამან გამოიწვია შეშფოთება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან დაკავშირებით. 2022 წლის 22 ივნისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო." წერია დოკუმენტში.  

ანგარიშს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომაზე, 6 სექტემბერს განიხილავენ.

ანგარიში სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი