
ქართული ოცნების სურვილი ცნობილია. გაათავისუფლოს პოლიტიკური ველი მისთვის არასასურველი ოპოზიციური პარტიებისგან და ასპარეზი თავისსავე შექმნილ ოპოზიციას დაუთმოს. სადამსჯელო ღონისძიება მმართველი გუნდის სახელით არჩილ თალაკვაძემ დააანონსა. მოგვიანებით კი მმართველი პარტიის სხვა წევრებმაც ქართული ოცნების სამომავლო სავარაუდო პოლიტიკურ სვლაზე უფრო მეტი ისაუბრეს.
მთავარ კითხვას, ვინ იგულისხმებოდა სხვა ოპოზიციურ პარტიებში და ვინ იქნებოდნენ ხელისუფლებისთვის სასურველი ოპონენტები, პასუხი მალევე გაეცა. ხელისუფლების განზრახვას „ქართული ოცნებიდან“ ე.წ განდგომილმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა, ახადა ფარდა და ყოფილი თანაგუნდელების მიზანი დაადასტურა. ივანიშვილის ოთხეული პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებს.
ივანიშვილის პარტიის პოლიტიკური სურვილები არ უკვირთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ავტოკრატიულ მმართველობაზე საუბრობენ და დარწმუნებულები არიან რომ ამ პროცესების სათავეში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დგას. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ივანიშვილი ემზადება ახალი პოლიტიკური თამაშისთვის და ფონს გასვლას მისთვის სანდო დეპუტატების დახმარებით აპირებს.
ავტორი: ნინი ბალანჩივაძე