აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა

გამოქვეყნდა:

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა - საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურად აფხაზთა ერთ ნაწილს შორის საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 სექტემბერს დაიწყო, ომი 13 თვეს გაგრძელდა და 1993 წლის 30 სექტემბერს დასრულდა. 

სეპარატისტთა მხარეს, რომელსაც ზურგს რუსეთი უმაგრებდა ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები - ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი, დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.

აფხაზეთის ომში დაიღუპა 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 000-მდე პირი. 300 000-ზე მეტი მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.

აფხაზეთის ომის დასაწყისი:

1992 წლის 14 აგვისტოს დილის 7 საათზე საქართველოს თავდაცვის ძალები თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით აფხაზეთში რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ.

პირველი გასროლა ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან მოხდა. მეორე შეტაკება, გულრიფშის რაიონის დასახლება აგუძერაში იყო, ქართულ შენაერთებს ცეცხლი გულრიფშის რაიონშიც გაუხსნეს. იმავე დღეს აფხაზებმა ტამიშის ხიდი ააფეთქეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალები სოხუმის მახლობლად დაბანაკდნენ, ქალაქს სეპარატისტთა 300-კაციანი ფორმირება იცავდა. 18 აგვისტოს ჯარმა ქალაქში შესვლა დაიწყო. 12:30 საათზე მათ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შენობა ბრძოლის გარეშე აიღეს. 

საბრძოლო მოქმედებები: 

15 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაბა განთიადში საზღვაო დესანტი გადასხეს. იმავე დღეს დესანტმა ლესელიძე აიღო.

19 აგვისტოს შავნაბადას ბატალიონმა გაგრა და დაბა კოლხიდა უბრძოლველად დაიკავა. 

21 აგვისტოს მთიელ ხალხთა კონფედერაციამ საქართველოს ომი გამოუცხადა. აფხაზეთში ჩამოსვლა დაიწყეს ადიღეიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, ჩეჩნეთიდან, ყარაჩაევო-ჩერქეზეთიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთიდან.

22 აგვისტოს სეპარატისტულმა შენაერთებმა მდ. გუმისთა გადალახეს.

აგვისტოს ბოლოს გაგრის რაიონში ქართულმა მხარემ ბზიფის მიმართულებით შეტევა დაგეგმა. შეტევა 28 აგვისტოს დაიწყო. თუმცა, შეტევა ვეღარ განვითარდა და გაგრიდან სამ კილომეტრში, წითელ ჯვართან შეჩერდა. საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან 20-მდე ჯარისკაცი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა. დიდი დანაკარგის გამო შავნაბადას ბატალიონი 5 სექტემბერს გაგრიდან გამოვიდა.

ბზიფზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ სოხუმში მყოფი ქართული ნაწილები ეშერის მიმართულებით შეტევაზე გადავიდნენ. ქართულმა ნაწილებმა გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე სტრატეგიული პლაცდარმი დაიკავეს, თუმცა, იერიში ვეღარ გააგრძელეს.

3 სექტემბერს, მოსკოვში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების მიზნით ედუარდ შევარდნაძის, ბორის ელცინის და ვლადისლავ არძინბას შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ 5 სექტემბრის 12 საათიდან აფხაზეთში ცეცხლი შეწყდებოდა. თუმცა, რუსეთმა შეთანხმება დაარღვია. 

1 ოქტომბერს 18:00 საათზე, სეპარატისტებმა გაგრაზე შეტევა დაიწყეს და წითელი ჯვრის საგუშაგო, რომელსაც ლესელიძეს ბატალიონი იცავდა, აიღეს. უკან დაიხია "ავაზას" ქვედანაყოფმაც. 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა. ქალაქში მოწყობილ ეთნიკურ წმენდას ასეულობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

5 ოქტომბერს აფხაზებმა განთიადი-ლესელიძეს მონაკვეთიც დაიკავეს. 

1993 წლის 16 მარტს ღამის 03:00 საათზე გუმისთის ხაზზე მყოფ ქართულ ბატალიონებს რუსულმა ავიაციამ ცეცხლი გაუხსნა. 05:00 საათზე აფხაზთა ქვეითი ნაწილები შეტევაზე გადავიდნენ. საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, სეპარატისტებმა უკან დახევა დაიწყეს. დღის ბოლოს გუმისთა კვლავ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ეკავა.

სოხუმზე წარუმატებელი შტურმის შედეგად სეპარატისტთა არმია მთლიანად დეორგანიზებული იყო. 23 მარტს კი არძინბამ დახმარებისთვის კვლავ მოსკოვს მიმართა.

14 მაისს რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო. თუმცა ეს შეთანხმებაც დაარღვიეს.

2 ივლისს დილის 05:00 საათზე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზური ფორმირება. ტამიშთან ბრძოლა აფხაზეთის ომის ყველაზე მძიმე და ტრაგიკული მონაკვეთია. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, მთავარ ამოცანად ტამიშში გადმოსხმული დესანტის ლიკვიდაცია დაისახეს. 3 ივლისს სადესანტო ნაწილებმა სიმაღლე ანუაარხუს პირველად შეუტიეს.

9 ივლისს, დილის 06:00 საათზე, მძიმე ტექნიკის მხარდაჭერით აფხაზები შეტევაზე გადმოვიდნენ. ანუაარხუზე შეტევის პარალელურად სეპარატისტებმა იერიში სოხუმიდან 9 კილომეტრში მდებარე სოფელ შრომაზეც მიიტანეს.

11 ივლისს ოჩამჩირიდან წამოსულმა დაჯგუფებამ დესანტის ნარჩენები საბოლოოდ გაანადგურა.

სოჭში 27 ივლისს მხარეებს შორის შეთანხმება დაიდო, რომელიც 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რეგიონი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი