
ერევანში მდებარე სავაჭრო ცენტრ "სურმალუში", სადაც დაახლოებით ერთი საათის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა, მაშველები ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. ცეცხლი 2 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.
სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიებიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.
თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქება უკავშირდება სავაჭრო ცენტრში, ერთ-ერთ მაღაზიაში არსებულ პიროტექნიკას.
არსებული ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები, თუმცა ზუსტი რაოდენობა დაზუსტებული არ არის. ამ დროისთვის ცნობილია, რომ კლინიკაში გადაიყვანეს 40 მძიმედ დაშავებული ადამიანი.
"მთავარი არხი" ერევანში მცხოვრებ მოქალაქეს დაუკავშირდა. როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის რაიონი სრულად გადაკეტილია და იქ შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
"რთული ვითარებაა. იქ არავის უშვებენ. ეს რაიონი ახალ მთლიანად გადაკეტილია. ჯერ კიდევ არის აფეთქებები და როგორც ვიცი, ბევრი დაღუპულია, დაჭრილები გადაჰყავთ საავადმყოფოებში", - ამბობს ის.
ამასთან, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აფეთქების შედეგად ჩამოინგრა რამდენიმე შენობა. ნანგრევებში შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.