
სოფელ არაშენდაში მოკლული ლევან იაგანაშვილის მამიდა ამბობს, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
"ძალიან ბევრი დაზიანებები აქვს, ცხვირიც ჩამტვრეული აქვს. რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, ბარძაყებში, არტერიები აქვს გადაჭრილი...ამხანაგები მივიდნენ და საქეიფოდ გაიყვანეს, სახლიდან გარეთ, რომ არ გადიოდა უნდოდათ ალბათ, რომ გაერთოს და რაღაც ძალიან ნერვიულობდა თვითონაც, 10 წუთის შემდეგ ეს ამბავი მოხდა", - ამბობს დალი იაგანაშვილი
გარდაცვლილი ლევან იაგანაშვილის ოჯახი ამბობს, რომ დაპირისპირებაში არა ერთი, არამედ სამი პირი მონაწილეობდა. ისინი ყველა პირის გამოკითხვას და პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
რაც შეეხება ბრალდებულის ოჯახს, ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ არაშენდაში გუშინ მოხდა. ლევან იაგანაშვილს მეზობლებმა ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ მალხაზ ჩივიაშვილი დააკავა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
იხილეთ ასევე: