
"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების აზრით, გასული სამი წლის განმავლობაში ამერიკის საელჩოს მცდელობა იყო ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება და მათი მეშვეობით სასამართლო სისტემაში შეღწევა.
ახალ ანტიდასავლური რიტორიკის წერილში ისინი წერენ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა საელჩოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მათივე მტკიცებით, საელჩოს შერჩეული ჰყავს 10-მდე ფავორიტი მოსამართლე, რომლებიც ვიზიტების, ტრენინგებისა და სემინარების დაგეგმვისას განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ.
"საზოგადოება გასული სამი წლის განმავლობაში, ძირითადად, საელჩოს ორ მცდელობას აკვირდებოდა: პირველი, ეს იყო ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება და მეორე, იმავე ნაციონალური მოძრაობის მეშვეობით, სასამართლო სისტემაში შეღწევა.
სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და მასში შეღწევის მიზანს საელჩოს მიერ მართლმსაჯულების მთავარი კონსტიტუციური ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული იგნორირება და მოსამართლეების მიმართ შერჩევითი მიდგომაც ადასტურებს. კლანური პრინციპების შესაბამისად, საელჩოს შერჩეული ყავს ათამდე ფავორიტი მოსამართლე, რომლებიც ვიზიტების, ტრენინგებისა და სემინარების დაგეგმვისას განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ. ზოგადად, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისას, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდის ავლით ხორციელდება, იკვეთება დისკრიმინაციული მიდგომა, რომლის უკან ფავორიტი მოსამართლეების წრის შენარჩუნებისა და გაფართოების ინტერესი იკითხება. აღნიშნულის გაგრძელებაა ელჩის მოულოდნელი და შეუთანხმებელი ვიზიტები სასამართლოებში, რომლებიც, ბუნებრივია, ზუსტად იგივე მიზანს ემსახურება. ეს საკითხები მკაცრ საკანონმდებლო მოწესრიგებას საჭიროებს, რათა სასამართლო სისტემაში კლანური და სელექციური მიდგომების დამკვიდრება მომავალში ვერც საელჩომ და ვერც რომელიმე სხვა დაინტერესებულმა სუბიექტმა ვერ შეძლოს", - წერენ დეპუტატები.
მათივე მტკიცებით, სელჩო აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს სამი მოქმედი მოსამართლე - ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი და ზურაბ ძლიერიშვილი უვადოდ უნდა იქნენ არჩეული. დეპუტატები ნინო ბაქაქურზე ამბობენ, რომ ის მთელ სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე არადისციპლინირებული მოსამართლეა.