
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და 2008 წლის აგვისტოს ომი იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე - ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და მოახდინოს დროული რეაგირება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამერიკის, საფრანგეთის, ირლანდიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის, ალბანეთის, იაპონიისა და მალტის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
„საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესია 2008 წელს, იყო საწყისი აგრესიული ტენდენციისა რუსეთის პოლიტიკაში, მის მეზობელ ქვეყნებთან და ევროპის უსაფრთხოებასთან მიმართებაში. სწორედ ეს არის ის, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. ეს არის გზა, რომელიც რუსეთმა განაგრძო.
ჩვენ მტკიცედ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევებს. ვგმობთ რუსეთის უკანონო შეჭრას საქართველოში და სამხედრო მობილიზებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქნება ეს აფხაზეთი თუ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, რომლებიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ვგმობთ რუსების მცდელობას, რომელიც ამ რეგიონების ანექსიისკენ არის მიმართული“, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს გაეროში ალბანეთის ელჩმა ფერიტ ხოჯამ გააცნო.
სხდომაზე განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების საკითხიც. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაზე სრულად პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
ამერიკა და პარტნიორი სახელმწიფოები გაეროში მოუწოდებენ კრემლს გამოიძიოს და დასაჯოს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები.
გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული შეხვედრის დაწყებამდე განცხადება გააკეთა გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემაც. დიმიტრი პოლიანსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოსთან დაკავშირებული კრემლის რიტორიკა:
"შემიძლია გითხრათ, რომ 2008 წლის აგვისტოში, როგორც თქვენ იცით ადგილი ჰქონდა დიდ პროვოკაციას სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან, რომელიც დასრულდა საქართველოსთვის უზარმაზარი პრობლემებით და ჩამოყალიბდა, ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკა. მას შემდეგ რეჟიმი შეიცვალა და საქართველოს მოქმედმა ლიდერებმა შეაფასეს ეს მოვლენები. მათ აღიარეს ეს უგუნური შეცდომა, რომელიც დაუშვა სააკაშვილმა. მათ ასევე ძალიან კარგად იციან ამ სიტუაციაში გარე ძალების როლი. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ დასავლურმა სახელმწიფოებმა დაბლოკეს ჟენევის მოლაპარაკებები, რომელშიც საქართველო, რუსეთი და ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკა მონაწილეობდა. ეს არ ყოფილა ჩვენი არჩევანი, ეს არ დაეხმარება ვითარების გაუმჯობესებას". თქვა რუსეთის წარმომადგენელმა.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის საქართველოში რუსეთის ომი და ოკუპაციის საკითხი ბოლო მომენტში დაემატა, რამაც რუსეთის წარმომადგენლობაში გაურკვევლობა და უკმაყოფილება გამოიწვია.