სერგეენკო თუ მდინარაძე - "ოცნება" თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების სიას აკომპლექტებს

გამოქვეყნდა:

ოლიგარქმა მაჟორიტარი კანდიდატების სიის დაკომპლექტება დაიწყო, სადაც ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირები მოიყრიან თავს.

"მთავარმა არხმა" გაარკვია, ვის მოიაზრებს ქვეყნის არაფორმალური მმართველი სახელისუფლებო პარტიის კანდიდატებად. ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა, პოლიტიკურ ასპარეზზე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო ისევ გამოჩნდეს. გარდა ამისა, სიაში ბევრი ნაცნობი გვარი ფიგურირებს, მათ შორის კალაძის კვოტით ოპოზიციის სართო კანდიდატისა და "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ახლო გარემოცვის წევრი ილია წულაია ისევ იბრძოლებს დეპუტატის მანდატისთვის.  

"ქართლი ოცნების" ლიდერის ყოფილი თანაგუნდელები დარწმუნებულნი არიან, რომ ივანიშვილი გადამწყვეტი ბრძოლის წინ ფსონს ძველ სახეებზე გააკეთებს და გადამწყვეტი ისევ მისდამი ერთგულება იქნება.

მმართველი პარტია დედაქალაქში გადამწყვეტი პოლიტიკური ორთაბრძოლისთვის ემზადება. ბიძინა ივანიშვილი თბილისში მაჟორიტარების კანდიდატების სიის დაკომპლექტებას სათავეში თავად უდგას. "ოცნება" შესაძლო კანდიდატების ვინაობას მკაცრად ასაიდუმლოებს, თუმცა "მთავარმა არხმა" გაარკვია, რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ოლქში კონსულტაციები რამდენიმე კანდიდატზე მიმდინარეობს.

"მთავარის" ინფორმაციით, საბურთალოს ოლქში "ოცნება" გადაწყვეტილებას დავით სერგეენკოსა და მამუკა მდინარაძეს შორის აკეთებს. ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან სკანდალით წასულ სერგეენკოსთან აქტიურ კონსულტაციებს ხელისუფლების ლიდერები აწარმოებენ. ყოფილ მინისტრს ინფორმაციის გადასამოწმებლად საცხოვრებელ სახლში მივაკითხეთ, თუმცა სერგეენკომ საუბარი არ ისურვა.

ივანიშვილმა თითოეული კანდიდატის შერჩევა საკუთარ თავზე მას შემდეგ აიღო, რაც ოპოზიციამ ოლიგარქის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა გამოაცხადა და დედაქალაქის 6 ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა. ოლიგარქი ახლა კანდიდატებს განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევს. "მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება,რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში "ოცნება" მოლაპარაკებებს ორ კანდიდატთან, ჩუღურეთისა და დიდუბის მოქმედ მაჟორიტარებთან, რიმა ბერაძესა და ივლიანე წულაიასთან აწარმოებს. დიდი ალბათობით, არჩევანი კალაძის ახლო გარემოცვის წევრზე, ილია წულაიაზე გაკეთდება, ვინაიდან პარტიის გენერალური მდივანი დედაქალაქის მაჟორიტარულ ოლქებში ერთ კვოტას თავისი გარემოცვისთვის ითხოვს.

"მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ ისნის მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნებიდან" გამარჯვებისთვის ისნის მე-8 ოლქის მოქმედი მაჟორიტარი ირაკლიაბუსერიძე იბრძოლებს. ყოფილი მორაგბე და რაგბის კავშირის ყოფილი სპორტული დირექტორი ისანში კონკურენციას ერთიანი ოპოზიციის კანდიდატს - გიორგი ვაშაძეს გაუწევს. აბუსერიძე ამ ეტაპზე კონსულტაციების დეტალებს არ ასაჯაროვებს, თუმცა "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ მაჟორიტარობისთვის მზადაა და გამარჯვებაშიც დარწმუნებულია.

"ქართული ოცნება" კანდიდატებზე საბოლოო შეჯერებამდე მოსახლეობაში გამოკითხვებს ატარებს. პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა უბანში სავარაუდო კანდიდატებზე მოქალაქეების აზრის გასაგებად კარდაკარ დადიან. გადამწყვეტი ორთაბრძოლის წინ ოლიგარქი შეშინებულია და ცდილობს,რომ დედაქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატები მაქსიმალურად მისი ნდობით აღჭურვილი პირები იყვნენ, - ამბობს ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი ანი მიროტაძე.

ვისზე დადებს ფსონს ოლიგარქი ერთიანი ოპოზიციის წინააღმდეგ? "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები ფიქრობენ, რომ ივანიშვილი აქცენტს კვლავ ძველ და საზოგადოებისთვის ნაცნობ სახეებზე გააკეთებს, თუმცა ეს მისივე ამომრჩეველში პოლიტიკურად გაბანკროტების ტოლფასი იქნება.

"ქართული ოცნება" დედაქალაქში ერთიან მაჟორიტარებზე შეთანხმების დასკვნით ეტაპზეა. ივანიშვილი პოლიტიკურ ვა-ბანკზე მიდის, ვინაიდან მისი კანდიდატების მეტოქე უპრეცედენტო კოორდინირების მქონე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები გახლავთ.

წამზომი ჩართულია. ვის მოიაზრებს მმართველი გუნდი მეათე მოწვევის პარლამენტში და რა პოლიტიკურ ტაქტიკას აირჩევს "ქართული ოცნება", რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი