რუსთავი - თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა შეწყვეტილია. ავტობანი, რომელიც წითელ ხიდამდე უნდა მისულიყო, უკვე 2 წელია გაჩერებულია.
მშენებლობის დასრულების მოთხოვნით რუსთაველებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილზე ენმ-ს რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ჩავიდა. დავით კირკიტაძის განცხადებით, თბილისი-რუსთავის ავტობანზე სამშენებლო სამუშაოები 2012 წელს დაიწყო და 2014 წელს უნდა დასრულებულიყო.
ავტობანის მშენებლობისთვის ტენდერი 2012 წელს გამოცხადდა. ხელშეკრულება ქართულ კომპანია "ნიუ ენერჯისთან" გაფორმდა და სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო.
მშენებლობა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეწყდა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ახალი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში ჩინურმა კომპანიამ "სინოჰიდრომ" გაიმარჯვა. ბანის პირველი და მესამე მონაკვეთის მშენებლობისთვის 85 მილიონი ლარი მიიღო. მეორე ლოტზე, რომელიც დღემდე დაუსრულებელია, ხელშეკრულება თურქულ-აზერბაიჯანულ საწარმოსთან გაფორმდა. მან მშენებლობისთვის 116 მილიონ 341 ათას ლარზე მეტი მიიღო. ამის შემდეგ 17 კილომეტრიანი გზიდან მხოლოდ 11 კმ აშენდა ექვს კილომეტრზე მეტი ამ დრომდე დაუსრულებელია.
რუსთაველები ამბობენ, რომ არსებულ გზაზე დაბალგამტარიანობის გამო გადაადგილება შეუძლებელია, დატვირთულია ტრაილერებითა და ხშირია უბედური შემთხვევები. გარდა ამისა, გზის სამუშაოების დასასრულებლად, მათ ალტერნატიული ფართი უნდა გამოუყონ, თუმცა მოლაპარაკებაზე არავინ მისულა.
რუსთაველებისა და ოპოზიციის პროტესტმა ქვემო ფონიჭალიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გადაინაცვლა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში ოფიციალურ განმარტებებს არ აკეთებენ. როგორც სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს ვერ ასრულებენ, რადგან ადგილობრივებთან გასახლებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
სად წავიდა პროექტისთვის გამოყოფილი მილიონობით ლარი და რა ალტერნატიული გზა არსებობს, რომ თბილისი რუსთავსა და წითელ ხიდს ავტობანით დაუკავშირდეს, სამინისტროში არ პასუხობენ. ასევე არ აქვთ პასუხი, უქმნის თუ არა ქვემო ფონიჭალის დაბალგამტარიანი მონაკვეთი პრობლემას ტვირთბრუნვას, ან უქმნის თუ არა ადგილობრივი მოსახლეობისა და მგზავრების სიცოცხლეს საფრთხეს ძველი და ვიწრო გზა.