
ისნის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ''ქართულ ოცნებასთან'' დაახლოებულმა პირმა და მისმა კომპანიამ, შპს "სპორტ ჰაუსმა" გაიმარჯვა.
ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სტანდარტს არ აკმაყოფილებს და ეს საკითხი კორუფციის ნიშნებს შეიცავს.
"ციფრების მანიპულაციით შეძლო ისნის გამგებელმა და ამ სატენდერო კომისიამ, რომ გამარჯვება მიენიჭებინათ იმ კომპანიისთვის, რომელი კომპანიაც არის მათთან დაახლოებული. ტენდერის გამომცხადებელი, რომელიც არის გვარად მულაშვილი, აღნიშნული პიროვნება არის კომპანიის დირექტორის და კომპანიის მეწილის მეუღლე, რომელიც არის "ქართული ოცნების" გლდანის ახალგაზრდულის თავმჯდომარე. მისი მეგობარი, ასევე ამ ადამიანის მეგობარი არის გლდანის ყოფილი გამგებელი და ამჟამად ისნის მაჟორიტარი და ამ ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ამ კომპანიას გაემარჯვა ტენდერში", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ბესო დონაძე.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ტენდერის ირგვლივ უამრავი შეკითხვა არსებობს, რაზეც პასუხი თბილისის მერმა და ისნის გამგებელმა უნდა გასცეს.