ახალი დეტალები სოფელ ავლევში მომხდარ ფემიციდზე. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულ ქალსაც და მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცსაც ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდათ და შესაბამის მედიკამენტებს იღებდნენ.
სოფლის მაცხოვრებლები არ გამორიცხავენ, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტიც, 34 წლის კაცი წამლების ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყო.
მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან ახლოს გუშინ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 29 წლის ქალი ნაცნობმა კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გაგუდა.
ადგილობრივების მონაყოლით მომხდარის შემდეგ კაცმა ცხედარი თივაში დამალა და მიმალვას შეეცადა, თუმცა სოფლის მოსახლეობამ მისი შეკავება და პოლიციისთვის გადაცემა შეძლო.
დაკავებულს საქართველოს პროკურატურამ მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარუდგინა:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 აგვისტოს, ბრალდებულმა მეუღლე ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, დაახრჩო.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 19 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის." - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.