შსს-ს პოლიციელები ტოვებენ. საკადრო პრობლემების გამო, სამინისტრო ყოველდღიურად ზრდის ვაკანსიების რაოდენობას. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით სისტემიდან წასული ადამიანების უდიდესი ნაწილი შემოსავლის წყაროს საზღვარგარეთ ეძებს, ნაწილი კი საქართველოშივე, თუმცა სხვა სფეროში.
ყოფილი პოლიციელები ამბობენ, რომ პატაკის დაწერის და სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი ძირითად შემთხვევებში ის არაჯანსაღი გარემოა, რომელიც "ქართული ოცნების" პირობებში შეიქმნა.
"ნეპოტიზმის გამო წამოვედი. ვხედავდი, რომ სამართლიანობა არ იყო ვისაც უნდოდა, ნათესავებს და მეგობრებს ნიშნავდნენ თანამდებობებზე და ამდენი წლის პროფესიონალს, ყველაფერს წყალში ჩაგიყრიან ერთ დღეში ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე ყველაფერს" - ამბობს ყოფილი პოლიციელი "მთავარ არხთან".
უწყებიდან წასული პოლიციელები ამბობენ, რომ ხელმძღვანელები მათ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ არჩევნებში ჩართვასა და ხმების მობილიზებას სთხოვდნენ.
გადამემტერა თვითონ ხელმძღვანელობა, მეუბნებოდნენ, რომ შენი ოჯახის წევრები არ არიან ჩვენი მხარდამჭერები და ამიტომ, ყოველთვის ვიყავი დისკრიმინაციის ქვეშ, მაიძულეს სამსახურიდან წავსულიყავი, მე მთხოვდნენ, რომ დავხმარებოდი ამათ, ჩემს გარდა ძალიან ბევრს სთხოვდნენ, რომ დახმარებოდნენ. განყოფილების უფროსი მეუბნებოდა, რომ არჩევნებზე სამკუთხედები მოახაზვინე, შენი ხალხი მოიყვანე რამდენიც იქნება, სახელი და გვარები ჩამოწერე და სამკუთხედები მოხაზონ და გვეცოდინება ვინ იქნება შენი ხალხიო ", - ამბობს უწყებიდან წასული კიდევ ერთი ყოფილი პოლიციელი.
გომელაურის უწყებას ბოლო მონაცემებით, მხოლოდ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში 145 თანამშრომლის აყვანა სურს.