
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ISFED-ის გამო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის დროებით შეჩერება "არაჯანსაღი სოლიდარობა და კორპორატივიზმია".
როგორც მან აღნიშნა, ამის მაგალითი იყო 2020 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდიც, როდესაც "ISFED-ი ხმების პარალელური დათვლის შედეგად მალავდა", სხვა ორგანიზაციებმა კი მას "ხელი დააფარეს".
"საქმე გვაქვს იმპულსურ გადაწყვეტილებასთან, რომელიც სამწუხაროდ გარკვეული არაჯანსაღი სოლიდარობა ელიტურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის საქართველოში ჩამოყალიბდა, რომელმაც უკვე მიეღო კორპორატივიზმის ფორმა. შინაარსს უკვე აღარ უყურებენ ეს ორგანიზაციები და უბრალოდ, არ წირავენ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რა დგას ამ ყველაფრის უკან, სოლიდარობას გამოხატავენ. გავიხსენებ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მდგომარეობას, მაშინ ISFED-ი ერთი თვე უმალავდა საზოგადოებას ნამდვილ რიცხვებს პარალელური დათვლისა და მაშინაც სწორედ ამ ორგანიზაციებმა კორპორატივიზმის მიზნებიდან გამომდინარე, ხელი დააფარეს ამ ორგანიზაციას და ცდილობდნენ, არ ყოფილიყვნენ კრიტიკული მის მიმართ", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა “ქართულ ოცნების” ხელმძღვანელობას მოუწოდეს, საარჩევნო საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ჩართულობა უზრუნველყოს. ISFED-ის დაშვებამდე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი დროებით აჩერებენ მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას.
ასევე იხილეთ: