დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯი - პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წარადგინა. ის პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ახალ წლამდე, ერთპიროვნულად უხანგრძლივებს უფლებას, პარლამენტის თანხმობის გარეშე გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა. ეს ვადა კი ზუსტად ემთხვევა პერიოდს, როდესაც ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა, გადამწყვეტი არჩევნების წინ, საარჩევნო კამპანია უნდა ჩაატარონ და მოიცავს იმ ვადასაც, როცა შესაძლოა, ქვეყანაში მეორე ტურები ჩატარდეს.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ პანდემიის სახელით ხელისუფლება შეეცდება საარჩევნო პერიოდში ვითარება სრულად გააკონტროლოს და საპროტესტო აქციების გამართვა შეზღუდოს.
შეზღუდვებს აწესებდნენ იქიდან გამომდინარე კი არა, რა საჭიროება იყო, იმის მიხედვით, როგორი პოლიტიკური ამინდი აწყობდა ხელისუფლებას ქვეყანაში და ასე აპირებს "ქართული ოცნება" პირველ იანვრამდე გაგრძელებას, გაიხანგრძლივა ეს კომფორტი, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.
მისი თქმით, ოპოზიცია ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, რადგან მათ მიხედვით არჩევნების თარიღით მანიპულირების საფრთხე ჩნდება.
"ოცნებამ" მიიღო არაკონსტიტუციური კანონი, როდესაც პარლამენტის როლის იგნორირებით მთავრობას მისცა უფლება შეზღუდოს მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები, და ახლა აპირებენ, 15 ივლისის ნაცვლად, 1 იანვრამდე გადავადდეს ეს რეჟიმი, რაც არის მიუღებელი ჩვენთვის და ერთ შენიშვნას გავაკეთებ, "ქართულ ოცნებას" არ მოუწევს მართვა 1 იანვრამდე, - ამბობს "ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი ოთარ კახიძე.