
ბათუმის საკრებულომ ბულვარის გენერალური გეგმა დაამტკიცა, რომელშიც ცვლილებებია შეტანილი. კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და სხდომათა დარბაზი დატოვა.
ქართულმა ოცნებამ ბათუმის ბულვარის გენგეგმა ისე დაამტკიცა, რომ იქიდან ამოღებულია ჩანაწერი, ექსპერტების შეფასება პროექტ "ამბასადორის" შეუსაბამობასთან დაკავშირებით.
საუბარია ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში შპს „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე, 21-სართულიან სასტუმროზე.
საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
სხდომის დასაწყისში ქართული ოცნების დეპუტატების გაღიზიანება “ბორინკა” ივანიშვილის ხსენებამ გამოიწვია. ოპოზიციამ უმრავლესობას რუსეთის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება შეახსენა.
მოგვიანებით კი სხდომაზე იძულებითი შესვენება სამოქალაქო აქტივისტის პროტესტის გამო გამოცხადდა. ირმა ზოიძე დღის წესრიგიდან გენგეგმის საკითხის ამოღებას ითხოვდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
„ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში 21-სართულიან სასტუმროს აშენებს, აქედან 3 მიწისქვეშა სართულია. კომპანიამ სამშენებლო პროექტს 2 სართული ჯერ უნებართვოდ დაამატა, შემდეგ კი სააგენტოს ნებართვისთვის მიმართა და მიიღო კიდეც.
ავტორი: თეა ვაშალომიძე