ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანდჟეი დუდამ კიევში, კონსტიტუციის მოედანზე, სიმამაცის ხეივანი გახსნეს.
ხეივანი უკრაინის დამოუკიდებლობის 31 წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო მეთაურის ინიციატივით გაკეთდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ხეივანში იქნება გამოსახული იმ პოლიტიკური ლიდერებისა და პარტნიორი ქვეყნების სხვა წარმომადგენლების სახელები, რომლებიც უკრაინას მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდნენ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა გახდა პირველი უცხოელი ლიდერი, რომლის სახელიც ხეივანში იქნება. - "მისი სახელი ყოველთვის იქნება ამ ხეივანში. ეს არის სიმამაცის, მეგობრობის, უკრაინის მხარდაჭერის სიმბოლო“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში რუსული აგრესიის პირველ დღეებში. ის ჩავიდა ომით განადგურებულ უკრაინაში და რუსეთის ქმედებებს უწოდა საერთაშორისო სამართლის უპრეცედენტო დარღვევა.
პოლონეთი იყო ევროკავშირის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინიდან მილიონობით ლტოლვილი მიიღო. პოლონეთის მთავრობამ მაქსიმალურად გაამარტივა საზღვრის გადაკვეთის პროცედურები უკრაინელებისთვის.
ანდჟეი დუდა ახლაც კიევში იმყოფება. უკრაინა დღეს დროშის, ხვალ კი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.