უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ბათუმში მერიამ ფაქტობრივად ჩაშალა. ორგანიზატორებს საოცრებათა მოედანზე სცენის მონტაჟზე უარი ბოლო წუთებში უთხრეს. მერის მოადგილეს კი კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდა - ან კონცერტი ან ვიდეოები - ეს პირობა წაუყენა სოფო ხალვაშმა ორგანიზატორებს, როცა გაიგო რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ქართველი და უკრაინელი სამხედროების ვიდეოების გაშვებას აპირებდნენ. მეტიც, ორგანიზატორები ამბობენ რომ პირად საუბარში მათ პირდაპირ უთხრეს რომ ომზე და რუსეთის აგრესიაზე გამომსვლელებს საერთოდ არ უნდა ესაუბრათ.
ღონისძიების ორგანიზატორებმა დღეს ალტერნატიული სცენის მონტაჟი დაიწყო, თუმცა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური ამასაც ხელს უშლის და ნებართვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში დროებითი სცენის დემონტაჟით იმუქრება.
ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ უკრაინის მხარდამჭერი ღონისძიება დღეს მაინც გაიმართება. მათ თბილისიდან მონიტორიც იქირავეს, თუმცა ბათუმამდე ჩატანის დროს, აპარატურასაც შეუქმნეს პრობლემები.
სატვირთო ავტომობილი ზესტაფონში საპატრულო პოლიციამ ღამით გააჩერა და მძღოლს გადაადგილების უფლება, 12 საათიანი დაყოვნების შემდეგ, ცოტა ხნის წინ მისცა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე