"შეუძლებელია ამდენი კამერა ერთდროულად განადგურდეს" - გოგაშვილის ოჯახი პენიტენციურის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მიზანმიმართულად გაანადგურა კადრები, რომლითაც სოსო გოგაშვილის საშხაპეში გაყვანისა და მასზე ზეწოლის ფაქტების დადასტურება იქნებოდა შესაძლებელი. 

საუბარია გოგაშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულს საშხაპეში მობილური ტელეფონით შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ესაუბრა და დაემუქრა.

როგორც დაკავებულის შვილი, ნინი გოგაშვილი ამბობს, დაწესებულებაში უამრავი კამერაა და შეუძლებელია, ყველა მათგანი ერთდროულად დაზიანებულიყო. 

"ესეც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილი და რუსული ოცნება იყენებს ყველა ბერკეტს, რომ შური იძიონ სოსო გოგაშვილზე და გაანადგურონ მისი ოჯახი. პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილსა და რუსულ ოცნებას, მით უმეტეს ახლა, როდესაც ისინი გამიზნულად აქრობენ ამ ციხის ჩანაწერებს და რეალურად, უამრავი კამერაა ამ დაწესებულებაში დამონტაჟებული. ჩემი ვიზიტის დროსაც შევამჩნიე, რომ უამრავი კამერა იყო და შეუძლებელია, ამდენი კამერა ერთდროულად განადგურდეს. ისინი გამიზნულად აკეთებენ ამ ყველაფერს, რადგან არ სურთ, საზოგადოებამ იხილოს, როგორ წაიყვანეს სოსო გოგაშვილი საშხაპეში, როგორ ემუქრებოდა მას ვახტანგ გომელაური, როგორ ახორციელებდა მასზე ზეწოლას და როგორ განხორციელდა ჩვენი ორი ვიზიტი ციხეში", - ამბობს ნინი გოგაშვილი.

 ცნობისთვის, სახალხო დამცველმა სოსო გოგაშვილის საქმეზე მიმდინარე შესწავლის შედეგები გამოაქვეყნა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ე.წ. საშხაპის ეპიზოდზე მათ წარმომადგენელთანაც ისაუბრა და დაადასტურა, რომ დაემუქრნენ 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით. ომბუდსმენის ცნობით, მოითხოვეს N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, სახალხო დამცველს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს, რომ 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით, მე-12 ციხეში, მწყობრიდან იყო გამოსული ჩამწერი მოწყობილობები, რის გამოც სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნა ვიდეოჩანაწერების დაარქივებასთან დაკავშირებით ვერ შესრულდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი