არც ISFED-ის და არც მსგავსი ორგანიზაციების ადგილი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში არ არის - კობახიძის პასუხი დეგნანს

გამოქვეყნდა:

არც  ISFED-ის და არც მსგავსი ორგანიზაციების ადგილი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში არ არის - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ამბობს, რომ ამ ორგანიზაციის მიმართ მათი პოზიცია "ძალიან რბილი" იყო. როგორც კობახიძე ამბობს, "სამართლიანი არჩევნები" არ გაემიჯნა მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, რაც იმას ნიშნავს, რომ  "მომავალშიც აპირებენ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობას":

„ულტიმატუმს აყენებენ პირიქით ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც საუბრობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას სამუშაო ჯგუფების მუშაობაში. რაც შეეხება ISFED-ს, მის მიმართ ჩვენი პოზიცია იყო ძალიან რბილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციამ გააყალბა PVT (ხმების პარალელური დათვლა) და მიუხედავად იმისა, რომ ის გამოდიოდა პირდაპირ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნით, ჩვენ მათ შევთავაზეთ, გამიჯვნოდნენ ამ მოთხოვნას და ასეთ შემთხვევაში, მათ ექნებოდათ სამუშაო ჯგუფში ჩართვის შესაძლებლობა. თუმცა აქაც კი მათი პოზიცია იყო ძალიან ხისტი, რაც მიანიშნებს, რომ ისინი მომავალშიც აპირებენ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობას. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, არც ISFED-ის  და არც მსგავსი ორგანიზაციების ადგილი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით,​ ISFED-ისა და სხვა რადიკალური „ენჯეოების“ არმონაწილეობა პროცესს არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს, რადგან ისინი "არ გამოირჩევიან არც კომპეტენტურობით, არც კეთილსინდისიერებით".

კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ უპასუხა კელი დეგნანს, რომელმაც  ISFED-თან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" ბრალდებებზე ისაუბრა.

დეგნანი ამბობს, რომ  PVT-ის მონაცემებში შეცდომის აღმოჩენის შემდეგ, ის დაუყოვნებლივ ეცნობა საზოგადოებას, ეს იყო სტატისტიკური, უმნიშვნელო შეცდომა და მისი წარმოჩენა, რომ ეს ემსახურებოდა რევოლუციურ სცენარს, არის რეალობის სრულიად დამახინჯება.

კობახიძის თქმით, არ შეიძლება "PVT-ის გაყალბებას" უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება ეწოდოს

არ მინდა, ზედმეტად შევიდე პოლემიკაში ქალბატონ ელჩთან, თუმცა ვიტყვი, რომ ნამდვილად დასანანია ის განცხადებები, რომლებიც კეთდება ISFED-თან დაკავშირებით PVT-ის (ხმების პარალელურ დათვლა) გაყალბების საკითხზე. არ შეიძლება, ამ მნიშვნელოვან ფაქტს, როგორიც იყო PVT-ის გაყალბება, ეწოდოს უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება" ამბობს კობახიძე.

კობახიძის თქმით, "ვიდრე კუთხეში არ მივაყენეთ", ISFED-ს თვენახევარი დასჭირდა ხმების პარალელური დათვლის "გაყალბების აღიარებისთვის" 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი