მსოფლიო ხალხები კვლავ უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანდებიან. 24 ქვეყნის ათობით ქალაქში მოქალაქეები დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად და სოლიდარობის გამოსახატად შეიკრიბნენ. განსაკუთრებული აქტიურობით საქართველო გამოირჩევა. სამ დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მსვლელობები და საზეიმო კონცერტები იმართება. დედაქალაქში სახალხო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და პარლამენტის შენობამდე გაგრძელდა.
სახალხო მხარდაჭერის აქცია რუსთაველზე ახლაც მიმდინარეობს. მოქალაქეებთან ერთად აქ აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც არიან შეკრებილი, მაგრამ რუსეთთან მებრძოლი უკრაინის მხარდასაჭერად ხალხს არავინ შეუერთდა ხელისუფლებიდან.
"ქართული ოცნების" არცერთ წევრს არ გამოუთქვამს სურვილი მიეღო მონაწილეობა ოკუპანტი სახელმწიფო საწინააღმდეგო მსვლელობაში.