არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ წარმოებული აგრესიული კამპანია საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა.
მათი განცხადებით, სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმა "ქართული ოცნების" მხრიდან ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის გათიშვის მიზანს ატარებს, რაც ავტორიტარიზმის კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინებაა და მისი ფორმირების შეუქცევად დინებაზე მიანიშნებს.
NGO-ები ამბობენ, რომ მმართველი პარტია სამოქალაო სექტორს თავს მას შემდეგ დაესხა, რაც სამუშაო ჯგუფში ISFED-ის არ მიწვევას არასამთავრობოების მხირდან ჯგუფებში მუშაობის შეჩერება მოჰყვა.
"ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციების კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებაზე, მათი დახარისხება და ხელისუფლებისთვის მიუღებელ არასამთავრობო ორგანიზაციათა შავი სიის შექმნა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის უმნიშვნელოვანეს, ევროინტეგრაციის საკითხზე დაფიქსირებული პოზიციის გამო, სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა ქართულმა ოცნებამ ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი გაანეიტრალოს და ამ გზით საკუთარი დღისწესრიგით საქმიანობა გაიადვილოს.
საყურადღებოა, რომ მმართველი პარტია იმ ინდივიდებს, თუ ორგანიზაციებს ესხმის თავს რომლებიც აქტიურად აკვირდებიან ხელისუფლების საქმიანობას, აკრიტიკებენ აქამდე არსებულ სახიფათო პოლიტიკას, მოუწოდებენ ხელისუფლებას გადახედოს მის დღისწესრიგს და ევროინტეგრაციის, თუ ქვეყნის განვითარების გზაზე რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს.
მიგვაჩნია, რომ “ქართული ოცნება” იაზრებს შედეგს თუმცა, მსგავსი რიტორიკითა და ნაბიჯებით მიზანმიმართულად ცდილობს მოშალოს ყველა ბერკეტი, რომელიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება. სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები და განცხადებებია მიზეზი იმისა, რაც ყოველდღიურად ბუნდოვანს ხდის საქართველოს დემოკრატიული განვითარების მომავალს, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების თვალში, რაც სრულად “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: