საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო'' კორუფციის მაღალ რისკებზე საუბრობს. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ ელექტრონული ტენდერები ხშირად უკონკურენტო გარემოში ტარდებოდა, პირდაპირი შესყიდვები კი ხშირად იმ კომპანიებთან ხორციელდებოდა, რომლებიც "ქართული ოცნების" შემომწირველებთან იყო კავშირში.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პანდემიის განმავლობაში სახელმწიფომ დახარჯა დაახლოებით 57 მილიონი ლარი ტენდერებისა და პირდაპირი შესყიდვების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ამბობს, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს კორუფციული გარიგებებთან, რადგან ამ კომპანიების ნაწილი "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში.
ელექტრონული ტენდერები, რაც ჩატარდა საგანგებო მდგომარეობის დროს, ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი პრედეტენტი მონაწილეობდა, რაც პანდემიამდე პერიოდზე გაცილებით უარესი მაჩვენებელია, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობის ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე.
მისი თქმით, პირდაპირ შესყიდვებში დახარჯული 127 მლნ ლარიდან 45 მლნ ლარი მიიღეს "ოცნების" ან ზურაბიშვილის შემომწირველებმა.
ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომ ყველაზე მთავარი კორუფციული რისკები არსებობს გამარტივებულ შესყიდვებში, როდესაც ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე იდება კონტრაქტები.
მესამედზე მეტი ისეთ პირებთან არის დადებული გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები, რომლებიც სხვადასხვა წლებში სწირავდნენ "ქართულ ოცნებას" ან ზურაბიშვილს, - აზუსტებს იგი.
ასეთ კომპანიებს შორის არის, მაგალითად, შპს "ინსი", რომელსაც 34 მლნ ლარამდე აქვს მიღებული სახელმწიფოსგან.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უწყებების ნაწილმა კვლევაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ტენდერებსა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტები არ გამოაქვეყნეს.