მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაატაროს ეფექტიანი ღონისძიებები დამრღვევ პირთა გამოვლენისთვის - "საია" ოკუპაციის შესახებ კანონზე

გამოქვეყნდა:

საია ეხმაურება ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის შესაძლო დარღვევის ფაქტებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაატაროს  ოკუპაციის შესახებ კანონით გათვალისწინებული ეფექტიანი ღონისძიებები დამრღვევ პირთა გამოვლენისთვის და აღნიშნული პირების მიმართ გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმები. 

გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიის საშუალებით  გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს პირებმა, რომლებსაც შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეთ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი.

შევახსენებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ  რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე მოქმედებს განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესს და ადგენს შეზღუდვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გარიგების დადებისა და ხსენებული კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

დადგენილი წესის დარღვევით, ყველა სხვა მიმართულებიდან, გარდა კანონით დადგენილისა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322-1 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომლისთვისაც სასჯელის სახედ განსაზღვრულია  ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, სასჯელის სახეს კი განსაზღვრავს არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, არამედ სასამართლო.

ამასთანავე, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აწესებს მნიშვნელოვან შეზღუდვებს ეკონომიკურ საქმიანობაზე. აკრძალულ ეკონომიურ საქმიანობის სახეებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები ვრცელდება ყველა იმ პირზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტით აკრძალული საქმიანობის განმახორციელებელი პირების კაპიტალში ან/და რაიმე ფორმით გავლენას ახდენს მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე. ხსენებული კანონით აკრძალული საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს დანაშაულს, შესაბამისად დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევისას ვალდებულია მიმართოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევებზე გამოვლენილი უმოქმედობით არ მისცეს ლეგიტიმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაღიარებულ რეჟიმების მიერ დადგენილ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს, გაატაროს  ეფექტიანი ღონისძიებები კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ პირთა გამოვლენისთვის და აღნიშნული პირების მიმართ გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმები. " ნათქვამია საიას განცხადებაში

რუსეთიდან უკონტროლოდ შემოსულ "ტურისტებს" შორის მრავლად არიან ისეთებიც, ვინც ნამყოფია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, თუმცა ეს ფაქტი მათ საზღვარზე ხელს არ უშლის. როგორც ირკვევა, მესაზღვრეები ქვეყანაში შემოსვლისას არც კი ეკითხებიან, დარღვეული აქვთ თუ არა ოკუპაციის შესახებ კანონი.

მაგალითისთვის, უკვე რამდენიმე დღეა საქართველოშია და თავისუფლად გადაადგილდება ქვეყნის მასშტაბით კადიროვის მეგობარი, კრემლთან დაახლოებული პირი და ქეთა თოფურიას ქმარი ლევ ძენგოვი. მას ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული, თუმცა, არც საზღვარზე შეუყოვნებიათ და თბილისის ქუჩებშიც ქართულნომრიანი ავტომობილით უპრობლემოდ დადის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი