
პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, კახა ქემოკლიძე "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასული დეპუტატების - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის მორიგ განცხადებას გამოეხმაურა.
ერთობლივ განცხადებაში დეპუტატებმა დაწერეს, რომ "გავრილოვის ღამეს" "ერთი მხრიდან პარლამენტში საელჩოს ერთი ფავორიტი, ნიკანორ მელია იჭრებოდა, ხოლო მეორე მხრიდან ადამიანებს დამიზნებით საელჩოს კიდევ ერთი ფავორიტი, გიორგი გახარია ესროდა".
როგორც ქემოკლიძემ აღნიშნა, 20 ივნისის შემდეგ, როდესაც გიორგი გახარია პრემიერმინისტრად დაინიშნა, ეს დეპუტატები მას ტაშს უკრავდნენ და აქებდნენ, ამიტომ გაუგებარია, რატომ საუბრობენ ახლა სხვანაირად.
მისივე თქმით, რეალურად, ამ წერილების ავტორი ბიძინა ივანიშვილია.
"პირველი რიგში, საგულისხმოა, რომ ეს „ოთხეული“ საკუთარ აზრებს არ აჟღერებს. ეს „ოთხეული“ არის ფოსტალიონის როლში და წერილის ავტორი ჩვენი აზრით, არის ბატონი ივანიშვილი, პირველ რიგში, ის უნდა გამოვიდეს და თქვას, საერთოდ რა უნდა. ამ წერილებით, ამ ადამიანების ხელით რომ ავრცელებს, თქვას რისი თქმა უნდა ქართული საზოგადოების წინაშე. ეს ადამიანები ტაშს უკრავდნენ ბატონ გახარიას. 20 ივნისის შემდეგ ბატონი გახარია დაინიშნა პრემიერად, მას ტაშს უკრავდნენ, აქებდნენ, ადიდებდნენ და თუ რამის თქმა უნდოდათ, მაშინ რატომ საუბრობდნენ სხვანაირად და დღეს რატომ საუბრობენ სხვანაირად? ჩემი აზრით, აქ ნიშანდობლივია, რომ წერილის მთავარი ავტორი ვინც არის, ის უნდა გამოვიდეს და იმან უნდა თქვას რაც უნდა.
ვფიქრობ, ამ ადამიანებმა არც მაშინ იცოდნენ სიღრმისეულად რა ხდებოდა სახელმწიფოს შიგნით, მათ შორის 20 ივნისთან დაკავშირებით და არც ახლა იციან. ეს ადამიანები ჩვეულებრივი ფოსტალიონის როლში საუბრობენ იმ დეტალებზე, რომელზეც წარმოდგენა საერთოდ არ აქვთ, ამიტომ წერილის ავტორი ვინც არის, უნდა გამოვიდეს და თქვას საერთოდ რა უნდა - გინდ ამერიკელებთან მიმართებით, გინდ ბატონ გახარიასთან და სხვებთან მიმართებაში. ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი აბსურდი და ამ აბსურდის ავტორი არის ერთი ადამიანი და ეს ოთხეული, "ოთხი ამიგო" და "ჩარლის 4 ანგელოზი" სულაც არ არის ამ წერილის ავტორი. შესაბამისად, წერილის ავტორი ვინც არის, ის უნდა გამოვიდეს და თქვას რა უნდა", - თქვა კახა ქემოკლიძემ.
ამავე თემაზე: